„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება 14 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმარტებულია კონგოში გაუჩინარებულიქართველი მფრინავის იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მთავარ პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომელთა გათვალისწინებითაც შეუძლია, დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული.

„როგორც განცხადებიდან ირკვევა, მთავარ პროკურატურას მიაჩნია, რომ მძევლად აყვანილი მოქალაქის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, მიენიჭოს, თუკი მოქალაქის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას მოჰყვა მისი სიკვდილი. ვინაიდან გამოძიებას საქმეზე არ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტი, მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოსორაულის ოჯახის წევრებს უარი უნდა ეთქვათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნათლად განმარტავს, რომ დაზარალებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუკი მას მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. ნათელია, რომ კონგოელი ამბოხებულების მიერ იოსებ ოსორაულის მძევლად აყვანისა და შემდგომ გაუჩინარების შედეგად, მის ოჯახს მიადგა მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი. მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფომ ვერ გაატარა საკუთარი მოქალაქის მძევლობიდან გამოხსნის შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები და ვერ მოიძია სათანადო ინფორმაცია მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკვე წელიწად-ნახევარია, ოჯახი საკუთარი რესურსით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრის შესახებ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რაც ასევე მატერიალურ დანახარჯებთან და ზიანთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მთავარ პორკურატურაში საქმე აღძრულია და ძიება მიმდინარეობს სსკ-ის 144-ე მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება). ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მთავარი პროკურატურა თავად აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მოეპოვება, რაც დაადასტურებდა იოსებ ოსორაულის გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სამართლებრივად მნიშვნელოვანია, იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი, რაც მათ დაცულობას და პროკურატურისადმი ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს