ბევრს არ აქვს გააზრებული რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ისეთ დიდ სახელმწიფოებში რყევებმა, როგორიც რუსეთი და თურქეთია

აშშ-ს ახალ სამხედრო ბიუჯეტზე, იმაზე, სავარაუდოდ, თუ რას მიიღებს საქართველო ამერიკისაგან, ასევე თურქეთში მიმდინარე პროცესებსა იმაზე, თუ რა საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის რუსეთ-თურქეთის ინტერესების თანხვედრა და ორივე ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობების ზრდა, “ინტერპრესნიუსი“ ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 716 აშშ მილიარდით განისაზვრა. ასეთი დიდი სამხედრო ბიუჯეტი აშშ-ს არასდროს ჰქონია. დოკუმენტში გაწერილია თუ რაში დახარჯავს ქვეყანა თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო ბიუჯეტს.

ამ თემაზე პრეზიდენტმა ტრამპმა საკმაოდ მნიშვნელოვანი კომენტარები გააკეთა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, იმ მიზნებს, რისთვისაც განისაზღვრა აშშ-ს უპრეცედენტოდ დიდი სამხედრო ბიუჯეტი?

- ბიუჯეტი მართლაც რეკორდულია და სერიოზული რეაქცია მოჰყვა ჩვენს სამეზობლოში. ტრამპის ტექსტში იგრძნობოდა, რომ მან ამა წლის მარტში პუტინის დუმისადმი მიმართვას უპასუხა, რომელშიც რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენდა.

ტრამპის განცხადებები, შეიარაღების და ტექნიკის ჩამონათვალი, რომელსაც აშშ-ს არმია მიიღებს, ასევე ახალი კოსმოსური სარდლობის შექმნა, ერთი ერთში რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მუქარების პასუხი იყო

ტრამპის განცხადებები, შეიარაღების და ტექნიკის ჩამონათვალი, რომელსაც აშშ-ს არმია მიიღებს, ასევე ახალი კოსმოსური სარდლობის შექმნა, ერთი ერთში რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მუქარების პასუხი იყო.

ბიუჯეტში ასევე დიდი ადგილი ეთმობა საქართველოსა და უკრაინის დახმარებას. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ორთავე სახელმწიფო ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გახდა და ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ. ჰაერზე არ ხდება ასეულობით მილიონის გამოყოფა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე.

- ალბათ, ჩვენთვის ამ დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ხდება ამერიკული სტრატეგიული ინტერესების შემადგენელი ნაწილი.

როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბრების შემდეგ ახლა ვაშინგტონი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე გადავიდა. თქვენი დაკვირვებითა და შეფასებით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით სავარაუდოდ, რას მიიღებს საქართველო?

- ვაშინგტონი დიდი ხანია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. დაახლოებით 20 წელია აშშ სერიოზულ დახმარებას გვიწევს. გაიხსენეთ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, იროკეზების ესკადრილიის ჩამოყალიბება, როცა ტექნიკის გადმოცემასთან ერთად გადმოგვეცა ტექნიკური ბაზა, მომზადდა ათეულობით სპეციალისტი, როგორც მფრინავები, ასევე ტექნიკური პერსონალი.

ჩვენ საკმაოდ არარაციონალურად ვიყენებთ ამერიკულ დახმარებებს და კადრებს არ ვუფრთხილდებით. ამიტომ დღეს გაცილებით სერიოზული მიდგომა გვმართებს. ეს პროცესი აყვანილი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის დონეზე. ზუსტად ის უნდა ჩაუდგეს სათავეში როგორც დაგეგმვის, ასევე აღსრულების პროცესს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საკითხია

ჩვენ საკმაოდ არარაციონალურად ვიყენებთ ამერიკულ დახმარებებს და კადრებს არ ვუფრთხილდებით. ამიტომ დღეს გაცილებით სერიოზული მიდგომა გვმართებს. ეს პროცესი აყვანილი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის დონეზე. ზუსტად ის უნდა ჩაუდგეს სათავეში როგორც დაგეგმვის, ასევე აღსრულების პროცესს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საკითხია.

დეტალური და მრავალწლიანი გეგმები უნდა იქნას გაწერილი რა მიმართულებებით გვჭირდება დახმარება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ მოხდეს მიღებული შედეგების შენარჩუნება მრავალწლიან პერსპექტივაში.

არ შეიძლება ყოველ 5-7 წელში ნულიდან ვიწყებდეთ ბატალიონების მომზადებას, რეზერვის დაგროვებას და ა.შ. გადავხედოთ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, როგორც რუსეთის ახლო სამეზობლოში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.

- როგორც ჩანს, ცალკე საუბრის თემაა შავ ზღვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ს გააქტიურების გეგმები. ამაზეც კარგა ხანია მიდის საჯარო სივრცეში დისკუსიები, მაგრამ რა ადგილი უკავია ამ საკითხს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტში?

- შავ ზღვაზე აშშ-ს და ნატოს გააქტიურება ყირიმის ანექსიამ გამოიწვია, რაც, რუსეთ-დასავლეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სერიოზულ საფრთხედაა აღქმული შავი ზღვის ბასეინის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

შავი ზღვის ფორმატში თანამშრომლობა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში ცალკეა გამოყოფილი. ჩვენ გვაქვს შანსი სერიოზულად განვამტკიცოთ საქართველოს საზღვაო თავდაცვა. ჯერ-ჯერობით ჩვენი თავდაცვის უწყების მხრიდან მკაფიო გეგმას ვერ ვხედავ

შავი ზღვის ფორმატში თანამშრომლობა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში ცალკეა გამოყოფილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე დავიღალე გამეორებით: ჩვენ გვაქვს შანსი სერიოზულად განვამტკიცოთ საქართველოს საზღვაო თავდაცვა. ჯერ-ჯერობით ჩვენი თავდაცვის უწყების მხრიდან მკაფიო გეგმას ვერ ვხედავ. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით მიზანმიმართულად ვიმუშავებთ ჩვენს ინტერესებს მაქსიმალურად წარმოვაჩენთ.

- აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის თემა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის საკმაოდ მკაფიო განცხადებები, ასევე 16 ივლისს ჰელსინკში ტრამპსა და პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონის მიერ მიღებული „კრემლის აგრესიისაგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვის კანონი“ მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და აქტუალური თემაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით, კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მსჯელობას ერთი მხრივ აშშ-ს უპრეცედენტო სამხედრო ბიუჯეტზე, ხოლო მეორე მხრივ ტრამპის განცხადებებსა და რუსეთის მიმართ ვაშინგტონის მიერ გამკაცრებულ ეკონომიკურ სანქციებზე?

- რამდენიმე წლის წინ, მანამ სანამ ეს პროცესები მკაფიო კონტურებს მიიღებდა, ვამბობდი, რომ აშშ-რუსეთს შორის „ცივი ომის“ და შეიარაღების რბოლის ყველა ელემენტი სახეზე იყო.

აგვისტოს ომის შემდეგ არმიის გადაიარაღების და მოდერნიზაციის ტემპებით რუსეთმა მთელ მსოფლიოს გადაუსწრო, რასაც ფონად აგრესიული ტონი და კონფლიქტები ახლავს.

რუსულ საფრთხეებს ამერიკის სხვადასხვა ინსტიტუტებში კარგად აცნობიერებენ. პრეზიდენტების შეხვედრები რუსეთის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენენ. ბოლო სანქციებს, რომელიც მაკეინის სახელს უკავშირდება, რუსეთში დრაკონული უწოდეს

რუსულ საფრთხეებს ამერიკის სხვადასხვა ინსტიტუტებში კარგად აცნობიერებენ. მათ შორის კონგრესში. შესაბამისად, როგორც მინიმუმ ახლოვადიან პერსპექტივაში, პრეზიდენტების შეხვედრები რუსეთის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენენ. სანქციები გაგრძელდება. ბოლო სანქციებს, რომელიც მაკეინის სახელს უკავშირდება, რუსეთში დრაკონული უწოდეს.

- რუს ექსპერტთა ნაწილი კი შენიშნავს, რომ მიმდინარე წლის 16 მარტს პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს რუსეთის სამხედრო ძლიერებასა და უძლეველობაზე ვაშინგტონი უპასუხოდ არ დატოვებდა.

თუ იმავე ექსპერტების მოსაზრებებს კარგად დავუკვირდებით შეიძლება ასეთი დასკვნაც გაკეთდეს - Путин доигрался. მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინიც კი, ვინც ასე ფიქრობს, არ ამბობენ მთავარს - დაიწყო თუ არა აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების წარმოებაში, გაუმჯობესებასა და გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრის ახალი ტალღა.

თქვენი დაკვირვებით, ტრამპის მიერ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის დამტკიცებით სავარაუდოდ დაიწყება თუ არა აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების წარმოებასა და გაუმჯობესებაში შეჯიბრის ახალი ეტაპი?

- აშშ-სა და რუსეთს შორის გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრი და „ცივი ომი“ დიდი ხანია დაწყებულია. ასეთი მძიმე ურთიერთობები ბრეჟნევის დროსაც კი არ ყოფილა. დღეს რუსეთ-ამერიკის არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას შორის კომუნიკაცია არ არსებობს. ამის შესახებ ბევრჯერ განაცხადა ლავროვმა.

აშშ-ს და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტები უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია ზრდის ტენდენციებს ინარჩუნებენ. ეს შეჯიბრი დაწყებულია და უახლოეს წლებში ვერ შეჩერდება

აშშ-ს და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტები უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია ზრდის ტენდენციებს ინარჩუნებენ. იმისათვის რომ ეს პროცესი დაგვენახა, არ იყო საჭირო აუცილებლად ასეთი განცხადებები მოგვესმინა. ეს შეჯიბრი დაწყებულია და უახლოეს წლებში ვერ შეჩერდება.

- თავის დროზე სსრკ-მ თქვა უარი აშშ-სთან სამხედრო შეიარაღებაში შეჯიბრზე, რის შემდეგაც გორბაჩოვმა ე.წ. „პერესტროიკის“ პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რაც ნაწილობრივ მაინც გახდა სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მიზეზი.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი ახალი „პერესტროიკის დამწყები არაა, თქვენი დაკვირვებით, თუ სამხედრო სფეროში აშშ-სა და რუსეთს შორის მართლაც დაიწყო სამხედრო სფეროში კონკურენცია, ეს პროცესი სავარაუდოდ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

- მინიმუმ რამდენიმე წელი ამ რეჟიმში ვიქნებით. ასე მარტივი არაა სამხედრო-სამრეწველო მანქანაში მილიარდები ჩაყარო, აამუშავო და შემდეგ მკვეთრად დაამუხრუჭო. ამ პროცესს კი აჩქარება რუსეთმა მისცა. აშშ-ს ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით ბირთვული არსენალის, საჰაერო თავდაცვის და სხვა სფეროებში რუსეთისათვის დაწევა მოუწევს.

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები როგორც მინიმუმ, აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტის მმართველობის პირობებშიც დაპირისპირების რეჟიმში გაგრძელდება

რუსეთმა ახალი რაკეტები შექმნა, აშშ კი დაახლოებით საბჭოთა პერიოდში ჩარჩა. ეს მეტყველებს ვინაა ინიციატორი. რამდენი წელი დასჭირდება რუსეთს იმის გასაგებად, რაზეც სსრკ-მ ათეული წლები მოანდომა, რთული სათქმელია, დღევანდელი რუსეთის მმართველი ელიტა გორბაჩოვს მოღალატედ აღიქვამს. შესაბამისად, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები როგორც მინიმუმ, აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტის მმართველობის პირობებშიც დაპირისპირების რეჟიმში გაგრძელდება.

- აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა დღითი დღე მძაფრდება. თურქული ლირას გაუფასურებაში პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონს ადანაშაულებს. მან მოსახლეობას მოუწოდა გათავისუბლდნენ ევროსა და დოლარისაგან, რის შემდეგაც გადამხდელ პუნქტებში მოქალაქეთა რიგები დადგა. პარალელურად მან მოუწოდა მოსახლეობას უარი თქვან ამერიკული ნაწარმზე, რის შემდეგაც მისმა მომხრეებმა ამერიკული ნაწარმის საჯაროდ გაფუჭება დაიწყეს.

ისეთი პირი უჩანს, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის დაწყებული იწილო-ბიწილო მალე არ ჩაცხრება, რაც თურქულ ეკონომიკაზე კიდევ უფრო ცუდად აისახება, რაც თავის მხრივ ასევე უარყოფითად იმოქმედებს როგორც ქართულ ეკონომიკაზე, ასევე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.

თუ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ის დინამიკა შენარჩუნდა, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნევთ თვალს, თქვენი დაკვირვებით, რა სავარაუდო საფრთხეებს შეიცავს საქართველოსათვის ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების უკიდურესად გაუარესება?

- ვალუტა ახსენეთ. ამ კუთხით უკვე აისახა ჩვენზეც და არ შეიძლებოდა არ ასახულიყო, რადგან იგივე პროცესია რუსეთშიც. დოლართან მიმართებაში დაეცა ევროც. ასეთ საკითხშიც კი პოლიტიზირებული ექსპერტები სპეკულირებენ, რომ ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ვარდნა ლარზე ასე სწრაფად არ უნდა ასახულიყოო.

მედიას არ ესმის, რომ როცა ეროვნული ვალუტა რყევებს განიცდის, ასეთ დროს საინფორმაციოები სავალუტო ჯიხურების ჩვენებით არ უნდა იწყებოდეს

მედიას არ ესმის, რომ როცა ეროვნული ვალუტა რყევებს განიცდის, ასეთ დროს საინფორმაციოები სავალუტო ჯიხურების ჩვენებით არ უნდა იწყებოდეს. ეს მხოლოდ აძლიერებს რყევებს და აჟიოტაჟს. ეს ვალუტის მაგალითზე.

რაც შეეხება აშშ-თურქეთის დაპირისპირებას. როგორც პუბლიკაციებითა და კომენტარებით ვასკვნი, ძალიან ბევრს არ აქვს გააზრებული რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ისეთ დიდ სახელმწიფოებში რყევებმა, როგორც რუსეთი და თურქეთია.

ვერიდები და სხვებსაც არ მოვუწოდებ შესაძლო სცენარების ღიად განხილვას. ეს მავნე პრაქტიკაა და ყველაზე კარგ შემთხვევაში, საკუთარი თავის წარმოჩენას, უარეს შემთხვევაში კი მტრის საინფორმაციო წისქვილზე წყლის დასხმას ემსახურება.

ამიტომ, ასეთ თემებზე უნდა იმსჯელონ შესაბამის სტრუქტურებში დახურულ ფორმატებში. ერთს დავსძენ, - დროულად უნდა დასრულდეს მუშაობა პრემიერთან უსაფრთხოების საკონსულტაციო ორგანოს შექმნის მიმართულებით.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო