აუდიტის სამსახური - აბაშის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა

2016-2017 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა. ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, 2016-2017 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტის (შესაბამისი პასუხისმგებელი პირების) მიერ არ არის გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნები შტატგარეშე მოსამსახურეთა შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში, სხვადასხვა პერიოდში, ფაქტობრივად, დასაქმებული იყო შტატით გათვალისწინებული 108-110 პირი და 13-15 შტატგარეშე თანამშრომელი, რისთვისაც 2016 წელს ანაზღაურების სახით სულ გაიცა1838.2 ათასი ლარი, მათ შორის, პრემია 126.5 ათასი ლარი. 2017 წელს კი, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად, დასაქმებული იყო 105-107 შტატიანი თანამშრომელი და 12-14 შტატგარეშე პირი. ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო 88-92 შტატიანი და 27-28 შტატგარეშე, რისთვისაც ანაზღაურების სახით სულ 1632.0 ათასი ლარი გაიცა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობის 10%-ს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მოკვლევით გამოვლინდა, რომ შტატგარეშე მოსამსახურეები უმეტეს შემთხვევაში ინიშნებოდნენ ექვსი თვით და შემდგომ უგრძელდებოდათ ვადა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ბრძანებები და ხელშეკრულებები არ შეიცავს დროში განსაზღვრულ რაიმე კონკრეტულ დავალებას, შესასრულებელ სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სპეციფიკას. აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის დასკვნით, დაქირავებულის ფუნქციები ფაქტობრივად არ განსხვავდებოდა შტატით დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობისგან.

„აღნიშნული ეწინააღმდეგება შტატგარეშე მოსამსახურის არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად დაქირავების პრინციპს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას რეკომენდაციას აძლევს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაუშვას შრომითი ხელშეკრულებით დაქირავება კანონმდებლობით დადგენილი ზღვრის დარღვევით. ამასთანავე, ხელშეკრულებები გააფორმოს საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა