კოჯორში, აზეულას ციხეზე განათების ქსელი ეწყობა

კოჯორში, აზეულას ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, აზეულას ციხეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული მინათების სისტემა მოეწყობა, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი, 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ციხის მიმდებარედ ტერიტორიის დაქსელვა და განათების საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. მთლიანობაში, განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს.

სამუშაოების პროცესს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გაეცნენ.

პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რომლის წარმომადგენლებმაც განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს.

მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს. პროექტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.

ახალი ტურისტული ბილიკის გახსნისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიმართულების მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებულ იუნკერთა მემორიალს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

„აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ. ციხე ცნობილია „ქოროღლის“ და „კოჯრის“ სახელწოდებითაც. ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო