“საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქართველოს ფოსტამ” ხაშურში, რუსთაველის ქ. №1-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასსაშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილი საფოსტო მომსახურებით.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე.

სერვის ცენტრის განახლებაში კომპანიამ 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. სერვის ცენტრში დასაქმებულია 10 ადგილობრივი პირი.

“საქართველოს ფოსტა“ მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ მრავალფეროვანი და მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ საფოსტო პროდუქტები. ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დავიცვათ და ვუზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას“, - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტამ განახორციელა 3 სერვის ცენტრის განახლების პროექტი, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 სერვის ცენტრის განახლება.

“საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“, - აღნიშნულია “საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.