ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ აღინიშნა

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით და მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის მხარდაჭერით აღინიშნა.

ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, გამოფენებსა და კონცერტს უმასპინძლა. გაიმართა დოღი, ჭიდაობა, ბაგირის გადაზიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოგამოფენა - „შეიცანი ჭიათურა". კონცერტზე ჭიათურელების წინაშე „ნიკოლშოუ“ წარდგა.

ღონისძიების წამყვანი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იყო, მხარდამჭერები და თანასპონსორები კი კომპანია „მანგანუმ ლოჯისტიკი", ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და „ფინკა ბანკი".

„ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული - „თემობა" მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით. აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხებიც, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით, აღდგა და ის ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ქვეყანაში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის აღდგენას მიესალმება.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვება იმ 9 სოფელს, რომლის ტრადიციაც იყო ეს დღესასწაული, წლების განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ტრადიციული ღონისძიებები შეწყდა. 2013 წელს, ერთობლივად, ირაკლი და მალხაზ ბიწაძეებთან ერთად, აღდგა „თემობა“ და ყოველწლიურად ფრთები შეისხა. დღეს უამრავი ხალხი მოვიდა. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ღირებული ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღდგეს. ვულოცავ მთელ ქალაქს „თემობს“, რომელიც ქალაქის და 9 სოფლის მასშტაბებს გასცდა. სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც არიან წარმოდგენილი. მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, ყოველწლიურად კიდევ უფრო უკეთესი ხდება „თემობა“ და არა მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის, არამედ მთელი მუნიციპალტეტის ზეიმად იქცევა ეს ღონისძიება," – განაცახდა მახათაძემ.

მუსიკოსის, გია ნიკოლაძის („ნიკოლშოუ“) განცხადებით კი, ტრადიციულ დღესასწაულში წელს 9 სოფლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„ძალიან კარგად ჩატარდა, ისე, როგორ შეშვენის მთელ საქართველოს იმერეთიდან, ისე, როგორც შეგვშვენის ჩვენ, თან ისე, რომ მამა-პაპათა დანატოვარი განვაგრძოთ. სასწაული, გამაერთიანებელი დღესასწაულია თემობა. მთავარია, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთ. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც სხვადასხვა სოფელს აერთიანებს. დღეს 9 სოფელი იყო, ნელ-ნელა მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, ნელ-ნელა გავერთიანდებით და, იმერულად რომ ვთქვათ, ვიქნებით ასე,“ – განაცხადა ნიკოლაძემ.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მათი კომპანია თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დარჩეს ამ რეგიონში და ტრადიცია გააგრძელოს.

„კარგი ტრადიცია გრძელდება. რაც მთავარია, ყველა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს - ბავშვებიდან დაწყებული, უხუცესებით დამთავრებული. „თემობა“, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დარჩეს ამ რეგიონში და ჩვენც, ჩვენი სამსახურიც, კომპანიაც ყოველთვის ხელს შეუწყობს, რომ თითოეული ახალგაზრდა დასაქმდეს, გააგრძელოს ტრადიცია, თან იმავდროულად, შექმნას დოვლათი რეგიონში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან აბრამიშვილის თქმით, სახალხო დღესასწაული „თემობა“ მეექვსე წელია ტარდება.

„კარგი იქნება, თუ სხვა სოფლებიც ჩაატარებენ თემობას და ასეთ დღესასწაულს გამართავენ. მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებას მხარს უჭერს. პირველ რიგში, „ჯორჯიან მანგანეზს“, შემდგომ მერიას და ყველას, ვინც მათ გვერდში უდგას. ღონისძიების თავი და თავი იყო სულხან მახარაძე და „ჯორჯიან მანგანეზი,“ - განაცხადა აბრამიშვილმა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძე აცხადებს, რომ „თემობის“ გამართვას ჭიათურის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს.

„დღეს ძალიან დიდი დღესასწაულია სოფელ თვალუეთში - ჩვენ აღვნიშნავთ „თემობას“, რომელსაც საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. სამწუხაროდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აღარ ტარდებოდა ეს დღესასწაული ამ სოფელში. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ღონისძიების ყველა ორგანიზატორს, რადგან 2013 წლიდან, ისევ აღდგა ეს ღონისძიება. ვთვლი, რომ ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. ჩართულია 9 სოფელი და 9 საკრებულო, მრავალი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ აქტივობებში, კულტურულ ღონისძიებებში. ჭიათურის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს „თემობას“. მინდა, ყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, „ჯორჯიან მანგანეზს“, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ სულხან მახათაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია დღევანდელ ღონისძიებაში,“ – განაცხად ჭუმბურიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა