EMC 5 აპრილს ტყიბულის შახტში მეშახტეების დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აფასებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ამ დრომდე არ გამოკვეთილა შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და მოადგილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა პირდაპირ მოვალეობას შახტში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2018 წლის 6 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია ექვსი პირი, რომელთაც ბრალი ედებათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2018 წლის 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამოძიების პირველ ეტაპზე, კომპანია ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ პირებს ჰქონდათ მცდელობა გამოძიება არა უსაფრთხოების წესების დარღვევის, არამედ ბუნებრივი პროცესით (სამთო დარტყმა) გამოწვეული შემთხვევის ვერსიით წარმართულიყო. კერძოდ, მედიაში და გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეულ გაუთვალისწინებელ შემთხვევასა და კომპანიის პასუხისმგებლობის არარსებობაზე მიუთითებდნენ. თუმცა, გამოძიების ფარგლებში სამთო დარტყმის ვერსიის გაჩენის მიუხედავად, საქმის მასალები მინდელის სახელობის შახტის N1 მომპოვებელ უბანზე უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა, რაც შესაძლოა პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული მომხდარ შემთხვევასთან. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა საექსპერტო კვლევები, მათ შორის დაღუპული მეშახტეების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა მომხდარის თავდაპირველ ვერსიას (სამთო დარტყმის არსებობის შესახებ). გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სამთო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა და გამოიკვეთა ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

გამოძიების პირველ ეტაპზევე შახტაში არსებული უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევებზე ინფორმაციის არსებობის მიუხედავად სახელმწიფომ არ უზრუნველყო შახტის ფუნქციონირების დროებითი შეჩერება, რამაც N 1 ნახშირმომპოვებელ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა შექმნა, რაც 2018 წლის 16 ივლისს კიდევ ერთი ლეტალური საწარმოო შემთხვევით დასრულდა.

მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებით პრობლემურია, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში მომხდარი შემთხვევის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად (რაც მნიშვნელოვან პრეცედენტს წარმოადგენს) სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე ამ დრომდე არ გამოკვეთილა შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და მოადგილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა პირდაპირ მოვალეობას შახტაში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა და რომლებიც გამოძიების მასალების მიხედვით პერიოდულად ფაქტობრივად ზედამხედველობდნენ #1 მომპოვებელ უბანზე მიმდინარე სამუშაოებს.

აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ბრალდებული პირების მხრიდან ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიუთითებს, რომელთა დაცვის კონტროლი შახტის უსაფრთხეობის სამსახურის პასუხისმგებლობაა. ამასთან, აღნიშნულ გარემოებასთან ერთად, საქმეში პრობლემურია გარკვეული შეუსაბამობები, კერძოდ, გამოძიების ვერსიის მიუხედავად რაც აფეთქებითი სამუშაოს ჩატარებას ადასტურებს, გაუგებარია როგორ არ აღმოჩნდა აფეთქების კვალი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე (მათ შორის სავენტილაციო მილის ნაწილზე) და ექსპერტული კვლევისთვის აღებულ ანაწმენდებზე, რაც გამოძიების მხრიდან დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობას აჩვენებს.

EMC აგრძელებს მიმდინარე გამოძიებაზე დაკვირვებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას:

5 აპრილის საქმეში გამოკვეთოს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვინც პასუხისმგებელი იყო მინდელის შახტაში უსაფრთხოების წესების მძიმე დარღვევის პირობებში მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებაზე;

უზრუნველყონ ტყიბულის შახტებში 2006 წლიდან დღემდე (მათ შორის, 16 ივლისის შემთხვევა) მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესისა და დამდგარი შედეგების შესახებ საზოგადოების პროაქტიული და უწყვეტი ინფორმირება;

გადახედონ ამ დრომდე არსებულ სისხლისსამართლის პოლიტიკას შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით და ყველა საქმეზე წარმართონ ყოველმხრივი, სრული და ეფექტიანი გამოძიება, რაც გამოკვეთს და დაადასტურებს მომხდარ შემთხვევაზე რეალურად პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პარლამენტს:

განიხილოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების 2018 წლის 20 ივლისის ერთობლივი მიმართვა და მიმდინარე გამოძიებების შედეგების გათვალისწინებით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევაზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხს,“ - ნათქვამია განცხადებაში.