მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი - ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი ემატება

სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ახალ მარშრუტს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი ჰქვია და მის მარკირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ახალი ტურისტული მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოაწყო ინფოტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

„ეს არის სრულებით ახალი, ალპური ტურისტული მარშრუტი, რომელიც აკავშირებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან. მარშრუტი ქმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის საინტერესო და მრავალფეროვან მიმართულებას. ჩვენი მიზანია ბევრმა ადამიანმა იმოგზაუროს ამ მარშრუტზე, რაც ხელს შეუწყობს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მეტი ტურისტი მთაში ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებულ ადგილობრივს და მეტ შემოსავალს ეკონომიკაში. ეს არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი, რაც მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან პერსპექტიულად ვითარდება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი რომელსაც უკვე აქვს შედეგი და ეს შედეგი ციფრებში 98%-ით გაზრდილ ვიზიტებს გულისხმობს აჭარის მაღალთიანეთში“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა