„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შვიდ რეგიონში ახლად დანიშნული გუბერნატორების ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ქვეყნის შვიდ რეგიონში ახლად დანიშნული გუბერნატორების ქონების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ინფორმაციას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოს წარდგენილი 7 ახალი სახელმწიფო რწმუნებულიდან სამს - შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას ( სამეგრელო - ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ. ასევე ორ მათგანს - შალვა კერესელიძეს (მცხეთა - მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს ( ქვემო ქართლი) ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ახალი გუბერნატორების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად მოიძია ინფორმაცია მათი ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

„შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე სახლს ქალაქ დუშეთში.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს „შაკოს” (ს/კ 229282736) მეწილე და დირექტორი, თუმცა მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. შალვა კერესელიძემ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დათმოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს.

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში.

შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითების გარდა, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.

ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.

გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია „მაგთიკომში” მუშაობდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს „ჯეო ფრუტის” დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

• შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი” - 100%;

• შპს „ჯი ენ კა გრუპი” - 75%;

• შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი” - 50%;

• შპს „ვესტს ლოჯისტიკს”- 15%;

• შპს „გაზლენდი” - 100%;

• შპს „დეკერს ჯორჯია” - 20%;

• შპს „მაქსიმუმი” - 50%;

გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში. კანონმდებლობის თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღეში ვალდებულია გადადგეს „ჯეო ფრუტის” დირექტორობიდან, წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანამხად, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში. შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში ხაშურში, არასაცხოვრებელი ფართი რუსთავში.

ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

• შპს “ქაპ ჯორჯია” - 49% წილის მფლობელი და დირექტორი

• შპს “ფიმა ჯორჯია” - 50% წილის მფლობელი

• შპს “აერკომპანი” - 16.34% წილის მფლობელი

ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში” დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.

ზურაბ ნასარაია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით. ნასარაიამ 2016 წელს პარტიას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 6 000 ლარი შესწირა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს