მაია ცქიტიშვილმა და IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის პარამეტრებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია, ფინანსთა სამინისტროს და სსფ-ს (IMF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მისიის წევრები რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით, წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მომავალი წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს