გიორგი მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსთვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ

გერმანია მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაყოფილი გერმანია ერთიანი ერი და ამასთან, ევროპული ხედვის განმსაზღვრელი გახდა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი საქართველოსთვის იგივე მომავალს იმედოვნებს.

„როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოსთვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა. „მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დასჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად.

,,კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე. საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება.

მერკელმა ცალსახად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო - გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

აღნიშნულ კომენტარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!