ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2018

"არ მგონია, პრეზიდენტი ვინმეს შეეშინებინა" - რამაზ საყვარელიძე

25 წლის წინ დაცემული სოხუმი... / "აპაჩები" "ღირსეულ პარტნიორზე" / კოსმოსიდან აღმოჩენილი პუტინის "კოსმოსური ამბიციები" / აქტიური რეზერვი ამოქმედდა / ომგადატანილი თავდაცვის აკადემია / ევაკუაცია ბლოკირებული სოხუმიდან / ვინ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავები / როგორ მიმდინარეობს სამხედროების პროთეზირების პროგრამა

* * *

"არ მგონია, პრეზიდენტი ვინმეს შეეშინებინა" - რამაზ საყვარელიძე

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა უარი თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "არ მგონია, პრეზიდენტი ვინმეს შეეშინებინა" / რატომ თქვა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელებაზე უარი.

"ამ პროცესს თავიდანვე ახლდა სირთულეები. ისე, პრეზიდენტის მხრიდან თავის არიდების სტრატეგიას უფრო ვხედავ. ალბათ არ უნდა, რომ უკვე მეორედ დასდოს ბრალი საპარლამენტო უმრავლესობამ, რომ მის მიერ არჩეული კანდიდატი ვერ ართმევს თავს და ა.შ. შეიძლება თავად არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვერავის ანდობს - ამ შემთხვევაში ზედმეტი პასუხისმგებლობითაც კი შეიძლება აიხსნას ეს მისი მხრიდან... რასაკვირველია. ეს არის პოლიტიკის ნაწილი - ნინო გვენეტაძე გადადგა თუ არა, ეს უკვე იყო პოლიტიკა - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური განმარტება, რომ მიზეზი მხოლოდ ჯანმრთელობა იყო და სხვა არაფერი, ცხადია, ადამიანებმა იმთავითვე ალტერნატიული ვერსიები ძიება დაიწყეს - ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "მარგვეალშვილის ეს გადაწყვეტილება, როდესაც მან უარი თქვა კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე, როგორ ჩაეწერება მის კარიერაში?" - პასუხობს:

"ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: როდესაც საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი უარს ამბობს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე, რადგან ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს თავისი ხმა, ეს არის უპასუხისმგებლობა?! ამ შემთხვევაშიც მე ბრალს ვერ დავდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, შეიძლება ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა პროცესები იყო. ადამიანურად მე მისი მესმის და აბსოლუტურად გასაგებია. მან უარი თქვა, როგორც იტყვიან "არიოლი და რეშკას" აგდებაზე და ასეთი ფორმით გადაწყვეტილების მიღებაზე. როგორც ჩანს, რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველი არ ჰქონდა".

"არ მგონია, ვინმეს ზეწოლას პრეზიდენტი შეეშინებინა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ის დაუპირიპირდა ყველაზე გავლენიან ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს და მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, ანგარიში არ გაუწევია იმისთვის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შესულიყო იმის ფასად, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვა. მას ასეთი ხასიათი აქვს. ამიტომ, არა მგონია ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძისგან მიეღო რამე დირექტივები და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რამე ტიპის ზეწოლა რომ ყოფილიყო, პირიქით, გაბრაზებული უფრო გააქტიურდებოდა - ამას ვამბობს გიორგი მარგველაშვილის ხასიათიდან გამომდინარე", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

"ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი გადაწყვეტილება, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაიწყო, ბოლომდე უნდა მიეყვანა. მან უარი თქვა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც დაუშვებელია. ეს უფლება მას აკისრია და სწორედ მან უნდა შეასრულოს. ამ ქვეყანაში სხვა პრეზიდენტის როლს ვერ მოირგებს და ვერ შეასრულებს. პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის კერძო არჩევანი - ეს მისი ვალდებულებაა! ერთმა არჩევანმა ცერ გაამართლა, სხვა არჩევანი გაეკეთებინა ან თავად აეღო პასუხისმგებბლობა და მოანახა გადაწყვეტილება", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი და შეკითხვაზე - "ეს გახდა პოლიტიკური პროცესი და პრეზიდენტი ჩიხში შევიდა?" - პასუხობს:

"ჩემთვის ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური პროცესი. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საკითხია დამოკიდებული".

25 წლის წინ დაცემული სოხუმი... / "აპაჩები" "ღირსეულ პარტნიორზე" / კოსმოსიდან აღმოჩენილი პუტინის "კოსმოსური ამბიციები" / აქტიური რეზერვი ამოქმედდა / ომგადატანილი თავდაცვის აკადემია / ევაკუაცია ბლოკირებული სოხუმიდან / ვინ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავები / როგორ მიმდინარეობს სამხედროების პროთეზირების პროგრამა

"ძნელი დასაჯერებელია, რომ სოხუმის დაცემიდან მეოთხედი საუკუნე გავიდა. თითქოს გუშინ იყო სოხუმის დაბომბვა, უკან დახევა, კოდორის ხეობაზე თავჩაქინდრული, ფეხით გადმოსვლა... აფხაზეთის ომი წავაგეთ, წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა და თითქმის ათასნაირი საძმოებით შეკოწიწებულმა ქართულმა ჯარმა 13 თვეზე მეტხანს გაუძლო ძლიერი მოწინააღმდეგის შემოტევას - აფხაზი სეპარატისტების უკან ხომ ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მებრძოლები და რუსი სამხედროები იდგნენ. მიუხედავად ამისა, მოვიგერიეთ სოხუმზე შემოტევები იანვარში, მარტში, ივნისში, ტამიშის დესანტს გზის გადაკეტვისა და სოხუმის ალყაში მოქცევის საშუალება არ მივეცით. პატარ-პატარა გამარჯვებები აფხაზეთის ომში გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ომი წავაგეთ, რაც ისედაც მოსალოდნელი გახლდათ, რადგან ამ ომში 1992 წლის 14 აგვისტოს ისევე შეგვიტყუეს, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს. მაგრამ ქვეყანას ღირსეული და პროფესიონალი ხელისუფლება იმიტომ უნდა ჰყავდეს, რომ თავი არავის შეატყუებინოს ისეთ ომებში, სადაც გამარჯვების შანსი თითქმის არ არის", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (N9, აგვისტო, 2018) სტატიაში სათაურით 25 წლის წინ დაცემული სოხუმი...

"აფხაზეთის ომში ჩამოუყალიბებელი ქვეყნის ჯერ არარსებულმა არმიამ ერთ წელზე მეტი გაუძლო პოზიციურ ბრძოლებს, როდესაც თითქოს უკვე შემდგარი სახელმწიფოს რეგულარულმა არმიამ, რომლის დიდ ნაწილს ერაყიც ჰქონდა გავლილი, აგვისტოს ომის სამ-ოთხ დღეში ბრძოლა შეწყვიტა. რატომ მოხდა ასე? მთავარი მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთის ომში რუსეთი სეპარატისტი აფხაზების უკან იდგა და ყველანაირად ცდილობდა, ოფიციალურად არ დაეფიქსირებინა თავი ომში მონაწილე მხარედ, აგვისტოს ომში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღია სამხედრო იერიშები მიიტანეს საქართველოზე ორი მხრიდან. რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტია ყველა იმ კონფლიქტში, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე გრძელდება, იქნება ეს მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, უკრაინის დონბასი, ყირიმი და, რა თქმა უნდა, საქართველოს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელსაც იძულებული არიან ანგარიში გაუწიონ აშშ-მა და ნატო-მაც კი, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესისა. თუმცა იმედი ბოლოს კვდება - აფხაზეთის ომში ვერც ვინატრებდით დღევანდელი ქართული არმიის საბრძოლო აღჭურვილობასა თუ აღკაზმულობას, ასეთ ყაზარმებსა და საკვებს, მაგრამ აფხაზეთის ომში ერთი რამ, თუ არ ვცდები, მეტი იყო - საბრძოლო სულისკვეთება, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის პირველი გაწვევის ჯარისკაცები აფხაზეთის ომში სანგრებსა და თანამებრძოლებს არ ტოვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარში სამსახურის ვადა გაუვიდათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"მიმდინარე წლის 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით საქართველომ მორიგ საერთაშორისო სამხედრო სწავლება Noble Partner 2018-ს ("ღირსეული პარტნიორი 2018") უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში ზედიზედ მეოთხედ ტარდება. გასულ წლებთან შედარებით მასში მონაწილე ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობით წლევანდელი "ღირსეული პარტნიორი" ყველაზე მასშტაბური იყო. სწავლებაში 13 სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ) 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "აპაჩები" "ღირსეულ პარტნიორზე".

"წლევანდელი სწავლება სამხედრო ტექნიკის მრავალფეროვნებითაც გამორჩეული იყო. სწავლებაში საქართველოდან ტანკები თ-72 და ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ქსმ) "ბეემპე"-2, აშშ-იდან – ტანკები M1A2 Abrams-ი, ქსმ-ები M2A3 Bradley და ჯავშანტრანსპორტიორები Stryker-ი, გერმანიიდან პირველად Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ სწავლებაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (სსსტც) "დელტა" "დიდგორის" ორი მოდიფიკაციით - სამედიცინო-საევაკუაციო Didgori MedEvac-ი და ინტეგრირებული ქსელების მანქანით იყო წარმოდგენილი. "ღირსეული პარტნიორის" მიზანს საქართველოს, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თუ კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის სამხედრო საკითხებში მზადყოფნის, თავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნული გარემოს გათვალისწინებით თავდაცვით-შემტევ ოპერაციებში შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. წლევანდელი Noble Partner-ი კომპლექსური ტიპისა იყო და მისი სცენარი როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს ითვალისწინებდა. ორივე კომპონენტი ბრიგადის, ბატალიონებისა და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა ქვედა დონის შენაერთის მომზადებას ითვალისწინებდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სწავლების დაწყებამდე სამხედრო ტექნიკის და პირადი შემადგენლობის გადმოსროლაც Noble Partner 2018-ის ერთ-ერთი ნაწილი იყო. მონაწილე სახელმწიფოებმა მცირე დროში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის, ამუნიციისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირება მოახდინეს. რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ჯარების ოპერატიულ გადაადგილებას შორ მანძილებზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკა საქართველოში ზღვით შემოვიდა, შვეულმფრენები კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ჩამოიტანეს. საველე სწავლებებში მთავარ როლს ქართული, ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და უკრაინული ქვედანაყოფები ასრულებდნენ. შეტევაზე გადასულ თუ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრებულ ჯარისკაცებს საცეცხლე მხარდაჭერას ჯავშანტექნიკა უწევდა. სანამ ჯარისკაცები კოორდინირებულ მოქმედებას ხვეწდნენ და სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში (დასახლებული პუნქტების აღება, შენობის გაწმენდა-დაკავება) ვარჯიშობდნენ, ვაზიანის სასროლეთზე ცოდნას ტანკისტები იღრმავებდნენ – ქართული T-72-ებისა და ამერიკული Abrams-ების ეკიპაჟები სხვადასხვა დისტანციიდან მტრის პირობით მიზნებს ანადგურებდნენ", - განაგრძობს გამოცემა.

"გასული წლის (და არა მხოლოდ) "ღირსეული პარტნიორისგან" განსხვავებით, წლევანდელი სწავლების სიახლე საავიაციო კომპონენტი იყო. პრაქტიკულად, არც ერთ საველე მეცადინეობას თუ ოპერაციას შვეულმფრენების გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია. პირადი შემადგენლობის გადმოსხმის შემდეგ, ამერიკული UH-60 Black Hawk-ები საბორტო ტყვიამფრქვევებით მიწაზე მყოფთ საჰაერო მხარდაჭერას უწევდნენ. ჯავშანსატანკო სწავლებებში კი მტრის მიზნებს, ტანკებთან ერთად, დამრტყმელი AH-64 Apache-ის ტიპის შვეულმფრენების წყვილი უტევდა. 15 აგვისტოს Noble Partner 2018-ის დახურვისადმი მიძღვნილ საჩვენებელ სწავლებაზე კოალიციურმა შენაერთმა მასირებულ იერიშზე გადმოსული მოწინააღმდეგის შეკავება-განადგურების ამოცანა შეასრულა. დაზვერვის მიერ აღმოჩენილ მტრის ჯგუფებს ჯერ არტილერიამ, შემდეგ კი ჯავშანტექნიკამ გაუხსნა ცეცხლი. ქართველი ტანკისტები და 105 მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული ამერიკული "სტრაიკერები" მიზნებს ნახევრად დახურული პოზიციებიდან ანადგურებდნენ. პირობითი მოწინააღმდეგის შეკავება-განადგურებაში წვლილი "მფრინავი ინდიელების" - Apache-ების წყვილმაც შეიტანა. დაბალი სიმაღლიდან შვეულმფრენები 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხებისა და უმართავი რაკეტების გამოყენებით მოქმედებდნენ, ხოლო ცალკეული ელემენტები ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულმა მართვადმა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებმა – Javelin-მა და "ფაგოტმა" გაანადგურეს", - დასძენს გამოცემა.

"მსოფლიო შეძრწუნდა გაზაფხულზე პუტინის საჯარო განაცხადებით, რომ შექმნეს შეიარაღების ისეთი ახალი ნიმუშები, რომლებმაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს. მაშინ ლაპარაკი იყო თვითმფრინავიდან გასაშვებ ბალისტიკურ რაკეტებზე, მანევრირებად ბირთვულ ქობინებზე, რომელთა გადაჭერა ანტისარაკეტო თავდაცვას თითქმის არ შეუძლია, ბირთვულძრავიან და ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებსა და წყალქვეშა ტორპედოებზე, რომლებსაც ფრენა და ცურვა რამდენიმე დღე-ღამე შეუძლიათ, ასევე, მობილურ "ლაზერულ ქვემეხებზე"... `სამხედრო საიდუმლოებების~ შეგნებულად გამჟღავნება დასავლეთმა მაშინ პრეზიდენტის წინასაარჩევნო პიარად ჩათვალა, რაც დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, უფრო რუს ამომრჩეველზე იყო გათვლილი", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით პუტინის "ლაზერული ქვემეხები" ამერიკული თანამგზავრების "დასაბრმავებლად" / კოსმოსიდან აღმოჩენილი პუტინის "კოსმოსური ამბიციები", რომელიც დედამიწას მესამე მსოფლიო ომთან აახლოებს".

"მაგრამ რუსეთმა მოგვიანებით მართლაც აჩვენა ზებგერითი გამანადგურებლისგან გადაკეთებული "ისკანდერების" გაშვების ვიდეოფირი (ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ - ზუსტად ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, კრემლმა "ისკანდერი" პირველად საქართველოში გამოიყენა - ერთი რაკეტა ვაზიანის რაიონში, ნავთობსადენთან ჩამოვარდა, მეორე "ისკანდერის" კასეტური ქობინი კი გორის ცენტრში, ჰაერში აფეთქდა და რამდენიმე მშვიდობინი მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტიც. თუმცა ერთგვარ სენსაციად იქცა ინტერნეტსივრცის ერთი ჩვეულებრივი ბლოგერის მიერ ყველასთვის ხელმისაწვდომ კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ფოტოებზე პუტინის მიერ ანონსირებული კიდევ ერთი ახალი რუსული შეიარაღების დისლოკაციის ადგილების აღმოჩენა. ლაპარაკია პუტინის მობილურ "ლაზერულ ქვემეხებზე", რომელთა ამსახველი მოკლე ვიდეოფირი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაზაფხულზე გაასაჯაროვა. ვიდეოფირში ჩანს ავტომატარებლებზე განთავსებული მრავალტონიანი აპარატურა და ცისკენ მომზირალი "ლაზერული ქვემეხის" ლულა. ბლოგერმა არ დაიზარა და ვიდეოფირში წამით გაელვებული ობიექტები ("ლაზერული" ავტომატარებლის ფარეხიდან გამოსვლისა და გზაზე სვლისას გამოჩენილი შენობები) სკრუპულოზურად შეადარა კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის დეტალურ ფოტოებს (რომელთა ნახვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია) და სენსაციური აღმოჩენა გააკეთა - პუტინის "ლაზერული ქვემეხის" ორი კომპლექსი განთავსებულია რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების დისლოკაციის ადგილებში, ივანოვოსა და ნოვოსიბირსკის რაიონებში, ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გასაშვები მიწისქვეშა შახტების უშუალო სიახლოვეს!" - აღნიშნავს გამოცემა.

"შეიძლება აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეს ინფორმაცია ადრეც ჰქონდა, მაგრამ ფართო მასებისთვის ეს მხოლოდ გასულ კვირას გახდა ცნობილი. "პერესვეტად" მონათლული "ლაზერული ქვემეხების" განთავსება რუსეთის მთავარი შემტევი ძალის - საშახტე ბალისტიკური რაკეტების სიახლოვეს, დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, შეიძლება ნიშნავდეს კრემლის სურვილს, გაიმარჯვოს მესამე მსოფლიო ომში. მათი აზრით, "პერესვეტები" განკუთვნილია იმისთვის, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტის წინ მათ ლაზერული სხივებით "დააბრმაონ" იმ ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრების მგრძნობიარე ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურა, რომლებიც რუსული რაკეტების შახტებიდან სტარტის მომენტალურად დასაფიქსირებლად და ვაშინგტონში განგაშის სიგნალის დაუყოვნებლივ გადასაცემად არის განკუთვნილი. დღეს სტრატეგიული პარიტეტი აშშ-სა და რუსეთს შორის იმითაც მიიღწევა, რომ მოულოდნელი ბირთვული სარაკეტო დარტყმის მიყენება არც ერთ მათგანს არ შეუძლია. ბალისტიკურ რაკეტას მოსკოვიდან ვაშინგტონამდე ან პირიქით მისაღწევად ნახევარ საათამდე სჭირდება და მეორე მხარე ყოველთვის მოასწრებს თავისი რაკეტების საპასუხო გაშვებას მანამდე, სანამ მოწინააღმდეგის მიერ პირველად გამოშვებული რაკეტების ბირთვული ქობინები მის ტერიტორიაზე აფეთქდება. თუკი პუტინის "ლაზერულმა ქვემეხებმა" რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტის წინ მოასწრეს ამ რაკეტების მიწისქვეშა შახტების "მოდარაჯე" ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრების დაბრმავება და მათ დროულად ვერ ატეხეს განგაში, ეს კრემლს უჩენს დიდ ცდუნებას, მესამე მსოფლიო ომში გამარჯვების იმედი ჰქონდეს", - დაასკვნის სტატიის ავტორი.

"1-ლი აგვისტოდან თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ტოტალურ თავდაცვას. ქვეყნის თავდაცვის საქმეში ჩართული იქნებიან ბრძოლისუნარიანი საქართველოს მოქალაქეები. სარეზერვო სამსახური წლების წინაც არსებობდა და მან, ფაქტობრივად, ფუნქცია 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე დაკარგა. თანამედროვე სარეზერვო სამსახური უფრო დახვეწილია და დიდ მასშტაბებსაც მოიცავს, საპილოტე პროგრამის ამოქმედებით კი გამოვლენილი იქნება ის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა რეზერვს უფრო სრულყოფს და გააძლიერებს. პროგრამაში ჩართულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიც. რეზერვის კონტინგენტს, ძირითადად, სწორედ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ყოფილი სამხედროები შეადგენენ. სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ეროვნული გვარდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, მაიორი გიორგი ჩუთლაშვილი გვესაუბრება", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით აქტიური რეზერვი ამოქმედდა / "რეზერვში ჩაირიცხებიან ის პირები, რომელთაც აქვთ ქვეყნის დაცვის სურვილი და უნარი".

"სარეზერვო სამსახურის იდეა კარგა ხანია არსებობდა და მის განსახორციელებლად რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. თავდაპირველად, გავუშვით საპილოტე პროგრამა ყველა ხარვეზის გასასწორებლად, რათა დანარჩენი პროგრამები უფრო დახვეწილი იყოს. რაც შეეხება სტრუქტურას, არის სამობილიზაციო და აქტიური რეზერვი. სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულოა და მასში შედიან 18-დან 65 წლის ჩათვლით ბრძოლისუნარიანი საქართველოს მოქალაქეები. სამობილიზაციო რეზერვის ფუნქციაა ქვედანაყოფში დანაკლისის შევსება ომის ან კონფლიქტის დაწყებამდე. ამის გარდა, არის აქტიური რეზერვი, რომელიც შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვებისგან შედგება. ამჟამად საპილოტე პროგრამაში გაშვებული გვაქვს ტერიტორიული რეზერვი და ორ გაძლიერებულ ასეულს ველოდებით აჭარის, გურიისა და კახეთის რეგიონებში. საპილოტე რეჟიმში მხოლოდ სამი რეგიონია ჩასმული. კახელი დაიცავს კახეთის რეგიონს, აჭარელი და გურული კი - აჭარისა და გურიის რეგიონებს. შეიარაღებული კონფლიქტების გარდა, რეზერვის ჩართვა გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციაში, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ. გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას გამოძახებიდან მაქსიმალური გამოცხადების დრო აქვს 12 საათი (თუმცა 2-3 საათშიც შეუძლია), მოხდება 170 კაცის მობილიზება, რომელიც სტიქიას შეებრძოლება. რაც შეეხება სპეციალისტთა რეზერვს, არის სამოქალაქო სპეციალობის 69-მდე ჩამონათვალი, თუ თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შემთხვევაში დასჭირდება ესა თუ ის სპეციალისტი, ისინი მათ რიგებს შეავსებენ. ძირითადად, მოთხოვნაა კიბერუსაფრთხოებისა და აიტი-დეპარტამენტიდან. მათ სპეციალისტებთან ერთად გადამზადდება რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახებენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ჩუთლაშვილი.

"რეზერვისტი სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიებით. თუ მას იმ 45 დღის განმავლობაში რამე დაუშავდება, თავდაცვის სამინისტრო მისი მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს. ცნობისათვის: 45 დღე არის სამსახურის ხანგრძლივობა ერთი წლის განმავლობაში, რომელიც გაშლილია 12 თვეზე. ამის გარდა, 5-წლიანი საკონტრაქტო პერიოდი ჩაეთვლებათ შრომის სტაჟად, ხოლო 45 დღე - სამხედრო მოსამსახურის ნამსახურობად. თუ იქნება დამატებითი გამოძახებები, რეზერვისტი იღებს შესაბამის ანაზღაურებას, დღეში 25 ლარს. გარდა ამისა, გამოძახების პერიოდში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. კანონი ავალდებულებს ყველას, რომ ხელი არ შეუშალოს პირს, რომელიც გაივლის შერჩევას და ჩაირიცხება რეზერვში. გიორგი ჩუთლაშვილი", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "სტუდენტების შემთხვევაში რა ხდება?" პასუხობს:

"სტუდენტებიც, 18-დან 22 წლის ჩათვლით, გაივლიან სარეზერვო სამსახურს, ოღონდ იმ რეგიონის მიხედვით, სადაც არიან რეგისტრირებული. მათ მიენიჭებათ რიგითის წოდება, წლიური ხელფასი ექნებათ 2.700 ლარი, რომლითაც მიეცემათ საშუალება დაიფინანსონ სწავლის საფასური. ამის გარდა, 5-წლიანი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ, რაც ვფიქრობ, კარგი შეთავაზებაა, რადგანაც სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 22 წლის ახალგაზრდას უკვე უწევს ჯარში წასვლა".

"საპილოტე პროგრამის ფარგლებში ტერიტორიულ რეზერვში მიიღება 18-დან 50 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე, რომელიც დათხოვნილ იქნა სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, კადრის სამხედრო სამსახურიდან (მოიცავს ოფიცრებს კაპიტნის ჩათვლით), დათხოვნილ იქნა სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან, აგრეთვე, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტები 22 წლის ჩათვლით. შეიძლება გვჭირდებოდეს 150 რეზერვისტი, მაგრამ შერჩევა გაიაროს 300-მა. ამიტომ ისინი კონკურსით აირჩევიან და პრიორიტეტი მიენიჭება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომელთაც არ შესრულებიათ 50 წელი, აქვთ შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და სამხედრო წოდება რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით, ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ ნამსახურები შეიარაღებული ძალების რეზერვში. კონტრაქტი არის ნებაყოფლობითი, 5-წლიანი, ასაკი 18-დან 50 წლის ჩათვლით საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ისე კი კანონმდებლობით 18-დან 55 წლის ჩათვლით. წელიწადში არის 45-დღიანი საბრძოლო მომზადება ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ქვედანაყოფში იქნება 7 საკონტრაქტო, დანარჩენი რეზერვისტი, მათგან 48 აუცილებლად იქნება სტუდენტი. მინიმალური ანაზღაურება წელიწადში რიგითისთვის ხელზე ასაღები იქნება 2.700 ლარი, ხოლო მაქსიმალური, კაპიტნისთვის – 3.500 ლარი. გამოძახება მოხდება საბრძოლო გეგმის მიხედვით. ტერიტორიული რეზერვის დანიშნულებაა ომის შტატზე გადასვლა, ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადების დაკომპლექტება და ტოტალური თავდაცვის მხარდაჭერა. ჩაირიცხებიან ის პირები, რომელთაც აქვთ ქვეყნის დაცვის სურვილი და უნარი", - დასძენს მაიორი.

"საპილოტე პროექტში ამ ეტაპზე რეზერვისტების მისაღებად მზადაა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა, რომელიც დისლოცირებულია ქალაქ ბათუმში, და მე-20 კადრირებული ბრიგადა ქალაქ თელავში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ბათუმში დისლოკაციის ადგილია ადლია, საწვრთნელი ცენტრი და სასროლეთი "სორტა", თელავში - საწვრთნელი ცენტრი "პალდო" და ასევე, სასროლეთი "პალდო". 2018 წელს სულ გავიწვევთ 164 რეზერვისტს თითო რეგიონიდან, საიდანაც 48 ვაკანსია განისაზღვრება 18-დან 22 წლამდე სტუდენტებისათვის. განცხადების ჩაბარებისას თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი), ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი), რადგანაც საბუთების მიღების შემდეგ ჩაუტარდება ფიზიკური ტესტი. ასევე, გასაუბრება, ფსიქოლოგიური და სამედიცინო შემოწმებები. საბუთების მიღება დაწყებულია და იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 7 სექტემბრის ჩათვლით, მე-10 კადრირებულ ბრიგადაში (მის: ქ. ბათუმი, ადლიის ქ. 76) და მე-20 კადრირებულ ბრიგადაში (მის: ქ. თელავი, თამარ მეფის ქ. 36) ამის შემდეგ ჩატარდება კონკურსი და კომისია გამოავლენს საუკეთესოებს", - განმარტავს ჩუთლაშვილი.

"2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წელი გავიდა. დღევანდელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 1-ლი ქვეითი ბრიგადა იყო განთავსებული. ომის მსვლელობისას ბრიგადის ტერიტორიაზე შესულმა მტერმა ინფრასტრუქტურა გაძარცვა და დაარბია, შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი გაანადგურა ან დანაღმა. სიმბოლურია და იმავდროულად, ძალზე საპასუხისმგებლო, რომ ომის შემდგომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, მომავალი ოფიცრების სამჭედლო, სწორედ ამ ნაომარ ადგილზე განთავსდა. განახლებულმა აკადემიამ ახალი ამოცანებითა და მიზნებით გორიდან დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში წვლილის შეტანა. 2011 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემია ათასამდე ოფიცერმა დაამთავრა. დღეს ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში შესაბამის თანამდებობებზე მსახურობენ", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ომგადატანილი თავდაცვის აკადემია / ოფიცერთა მორიგი გამოშვება აგვისტოს ომის მე-10 წელს.

"ათი წელი გვაშორებს 2008 წლის აგვისტოს. ეს მცირე დრო არ არის და ამის მიუხედავად, შეუძლებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების რომელიმე მოსამსახურემ დაივიწყოს ის ტკივილი, რაც ამ ყველაფერს ახლდა თან. რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყანამ ბევრი ერთგული ჯარისკაცი, მათ კი მეგობრები და თანამებრძოლები დაკარგეს. ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, რომელიც სწორედ 2008 წლის ომის ნანგრევებზე შეიქმნა, 6 აგვისტოს კიდევ ერთი გამოშვება იზეიმა. აკადემია ბაკალავრიატის 88-მ, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი 25-მა ახალგაზრდამ დაასრულა. ოფიცრის ფიცი ასევე დადო ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიისა და თურქეთის სახმელეთო ჯარების აკადემიის 5-მა კურსდამთავრებულმა. მათი სახით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე 118 ოფიცერი შეემატა. გამოშვების ცერემონია თითოეული იუნკრისთვის, მსმენელისთვის, მათი მშობლებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის ამაღელვებელი და ბევრისმთქმელი იყო. თუმცა ეს დღე ბაკალავრიატის იუნკრებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს ეძღვნებოდათ, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მუხლმოყრილებმა ღვთისა და ერის წინაშე დადეს ფიცი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ოფიცრის ფიცის დადება ძალზე მნიშვნელოვანი და, იმავდროულად, სიმბოლური იყო იქიდან გამომდინარე, რომ მუხლი საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში მოვიყარეთ. თუმცა აკადემიის დამთავრება და მისი დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდება ჩვენი ყაზარმების ფანჯრიდან დანახული რუსული საოკუპაციო ბაზები, ყოველთვის შეგვახსენებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თითოეულმა კურსდამთავრებულმა ბევრი იშრომა, ოფლი დაღვარა, რათა ამ ნანატრ დღემდე მიეღწია. მათ ეს შეძლეს და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გახდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალები და დარწმუნებული ვარ, სრულიად საქართველო ამაყობს დღეს, რადგან მათი სახით ქვეყანას შეემატა ახალი ძალა დასავლური განათლებით, მაღალი მოტივაციითა და ლიდერის თვისებებით. ისინი დაუღალავად გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე.

"აკადემიას ბევრი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია ბაკალავრიატის 2018 წლის გამოშვების კურსდამთავრებული, ლეიტენანტი ნიკა გაგნიძე - "სასადილოში ყოველი შესვლისას თვალწინ წარმომიდგება სოციალურ ქსელში ნანახი აგვისტოს ომის ფოტო, რომელზეც ასახულია ზუსტად ამ შენობის წინ მდგარი რუსი მედესანტეები და მათი საბრძოლო მანქანა~. რაც შეეხება წარმატებისკენ მიმავალ გზას, ყოფილი იუნკრისთვის ეს გზა სირთულეებით იყო აღსავსე, თუმცა საქმის სიყვარულმა და მიზანდასახულობამ ყველა დაბრკოლება გადაალახვინა. დაუღალავი შრომითა და მონდომებით შევძელი როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის მიმეღწია. აკადემია საშუალებას გვაძლევს ევროპისა თუ ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში რამდენიმეკვირიანი მივლინებებით მივიღოთ მეტი გამოცდილება და ავიმაღლოთ ცოდნა. მომავალ იუნკრებს ვურჩევ, არ შეუშინდნენ სირთულეებს, საქმეს მონდომებით მიუდგნენ, იმუშაონ საკუთარ თავზე და დასახული მიზნიდან არასოდეს გადაუხვიონ", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლეიტენანტი ნიკა გაგნიძე.

"1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზ სეპარატისტთა ფორმირებებმა დაარღვიეს სოჭის 27 ივლისის შეთანხმება და სოხუმს შემოუტიეს. რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტასა და მისი კონტროლის მექანიზმის შენარჩუნებაზე მიღწეული შეთანხმება მორიგი ფარატინა ქაღალდი გამოდგა, რომელიც ქართული მხარის მოტყუებასა და ყურადღების მოდუნებას ემსახურებოდა. საინტერესოა ამ დოკუმენტის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის ჯარები მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, ეს ნეიტრალიტეტი კი რუსებმა შირმად გამოიყენეს, რითაც აფხაზ სეპარატისტებს თავისუფალი მოქმედებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნათ", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურიით ევაკუაცია ბლოკირებული სოხუმიდან.

"არადა, 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში რუსეთის არმიას საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავდა. გუდაუთაში 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი 1600-მდე სამხედრო მოსამსახურითა და სოხუმში, შუქურას რაიონში, 901-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი 300-მდე სამხედროთი. ბომბორას აეროდრომზე 461-ე მოიერიშეთა საავიაციო პოლკის ათამდე Cy-25 ტიპის მოიერიშე და 325-ე სატრანსპორტო-საბრძოლო შვეულმფრენთა პოლკის "მი"-8 და "მი"-24 ტიპის 6-8 შვეულმფრენი იმყოფებოდა და სხვ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში რუსებს ხმელეთზე სოხუმის 36-ე სასაზღვრო რაზმისა და ზღვაზე ოჩამჩირის მე-6 ცალკეული სასაზღვრო-საზღვაო ბრიგადის ხომალდებისა და კატარღების გამოყენება შეეძლოთ. ძალები საკმარისი იყო აფხაზთა მოქმედებების შესაჩერებლად და სოხუმის ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მოსკოვში სხვანაირად ფიქრობდნენ. ვითარება სოხუმში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისა და მის დამცველებისთვის უაღრესად ტრაგიკული იყო. რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა მომხრეებმა ენგურთან ჩაკეტეს. კოდორის ხეობით მთებში გამავალი გზა კი ფეხით იყო გასავლელი. იყო შედარებით მოკლე საზღვაო გზა ფოთამდე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებათა რაიონებში ნაპირიდან უამრავი ადამიანის საევაკუაციო სპეციალური მცურავი საშუალებები საქართველოს არ ჰყავდა. სამგზავრო თბომავლებითა და სხვა მცურავი საშუალებებით ხალხის განსაზღვრული რაოდენობის გამოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ დიდ საფრთხეს აფხაზთა შეიარაღებული სწრაფსვლიანი კატარღები ქმნიდნენ. მაშინ საქართველოს არც ამის აღკვეთის ძალა შესწევდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ურთულეს სიტუაციაში მყოფმა საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის ისევ რუსეთს მიმართა. რუსეთმა, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გამოსაყვანად შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გამოგზავნა. მაშინ შავი ზღვის ფლოტი რუსეთსა და უკრაინას შორის გაყოფილი არ იყო. ოპერაციაში შავი ზღვის ფლოტიდან დიდი სადესანტო ხომალდები "ბდკ"-69 (პროექტი 1171) და "კონსტანტინ ოლშანსკი~ (პროექტი 775) მონაწილეობდნენ. სადესანტო ხომალდების უსაფრთხოებას მტრალავი ხომალდი "სნაიპერი", ხოლო ავარიულ სიტუაციებში დახმარებას მაშველი გემი "ეპრონი" უზრუნველყოფდა. ოპერაციას კონტრადმირალი ნიკოლაი მიხალჩენკოვი ხელმძღვანელობდა. დიდ სადესანტო ხომალდ "ბდკ"-69-ს დაახლოებით 400-მდე საზღვაო ქვეითის, უფრო პატარა "კონსტანტინ ოლშანსკის" კი მაქსიმუმ 225 მედესანტის მიღება შეუძლია. ორივე ხომალდს ცხვირში აქვს გასაწევი კარი, რომლის გახსნის შემდეგ ძირს ეშვება აპარელი და მისი საშუალებით საზღვაო ქვეითები ნაპირზე გადმოდიან ან ხომალდში სხდებიან", - განაგრძობს გამოცემა.

"25 სექტემბერს - სოხუმის საზღვაო ვაგზალში დიდი სადესანტო ხომალდები "ბდკ"-69 (პროექტი 1171) და "კონსტანტინ ოლშანსკი" (პროექტი 775) 02-00 სთ-ზე შემოვიდნენ. ჩასხდომის უსაფრთხოებისთვის პორტიდან დაახლოებით 5 მილში მტრალავი ხომალდი "სნაიპერი" დადგა. სრულ მზადყოფნაში იყო მაშველი გემი "ეპრონიც". ამ დროს საზღვაო ვაგზლიდან დაახლოებით ორ კმ-ში, რკინიგზის ვაგზლის მიდამოებსა და ქალაქის ზოგიერთ რაიონში მტერი იყო შემოსული და მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა. სოხუმს განუწყვეტლივ ბომბავდა სეპარატისტთა არტილერია, ქალაქს ჰაერიდან დარტყმებს აყენებდნენ საბრძოლო შვეულმფრენები. ხალხი სახლიდან გამოსვლას ვერ ბედავდა, შესაძლო ევაკუაციის თაობაზე მოსახლეობა გაფრთხილებულიც არ იყო. ხანგრძლივი დგომის შემდეგ რუსულმა ხომალდებმა 19 სთ-ზე სოხუმი 3 373 კაცით დატოვეს. სადესანტო ხომალდებმა კურსი ფოთისკენ, "ეპრონმა" კი სოჭისკენ აიღო. სამხედრო ხომალდებთან ერთად პორტიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოიყვანეს სასეირნო თბომავლებმა: "ამტყელმა", "ფსოუმ", "რადუგა 7"-მა, "ვლადიმერ ფაჩულიამ" და სხვებმა. 27 სექტემბერს მომდევნო რეისის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან სოხუმს სეპარატისტები აკონტროლებდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. იმ დღეებში ცინიკური ცნობა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც კატეგორიული თხოვნით მიმართა აფხაზთა ხელმძღვანელობას, შეეჩერებინა ჯარების შემდგომი წინსვლა, შეეწყვიტა ცეცხლი, არ დაეშვა ძალადობა მშვიდობიან მოსახლეობაზე", - დასძენს გამოცემა.

"რადგან ქალაქის ცენტრში ბრძოლები მიმდინარეობდა, ევაკუაციისათვის საზღვაო ვაგზლის გამოყენება სარისკო გახდა და ხალხის მიღება ქალაქის ცენტრიდან დაშორებით, პანსიონატ "ლიტერატურნაია გაზეტას" გემთსადგომთან გადაწყდა. ევაკუაციის მოლოდინში პლაჟზე მყოფი რამდენიმე ათასი მშიერ-მწყურვალე ადამიანი იმის მოლოდინში იყო, სეპარატისტები როდის ინებებდნენ ცეცხლის შეწყვეტას და რუსულ ხომალდებს მოსახლეობის გაყვანის საშუალებას მისცემდნენ. შავი ზღვის ფლოტის მაშინდელი სარდლის, ადმირალ ედუარდ ბალტინის ბრძანებით, სადესანტო ხომალდებმა ადამიანების სამხედრო დროის ნორმით მიღება დაიწყეს, ანუ 1 კვმ-ზე ერთი კაცი. სარდალმა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანაში მტრალავი ხომალდის, "სნაიპერის" გამოყენების ნებართვაც გასცა. ზომით უფრო დიდი "ბდკ"-69 ადამიანებს უშუალოდ ნაპირიდან იღებდა, ხოლო რეიდზე ჩამომდგარ "ოლშანსკის" კიჩოს აპარელთან ბორტით "ვლადიმერ ფაჩულია" მიადგა. ეს უკანასკნელი ერთგვარი მცურავი გემთსადგომის დანიშნულებას ასრულებდა და მასზე ადამიანები ნაპირიდან რუსული სადესანტო ხომალდების ორ ბარკასს (თითოეული 38 კაცს იტევდა) მიჰყავდა. ტყვიებისა და ჭურვების ცეცხლქვეშ მყოფი რამდენიმე ათასი კაცის გამოსაყვანად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომაც პროცესს სასეირნო თბომავლები "ფსოუ" და "ამტყელი", "სტრიჟის" პროექტის კატარღები, თევზმჭერი და რეზინის ნავები შეუერთდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ერთ შემთხვევაში "ოლშანსკის" ბორტზე ორადგილიანი წყლის ველოსიპედიდან 8 კაცი აიყვანეს. "ოლშანსკიდან" ევაკუირებულთა ერთი ნაწილი შემდეგ ბორტით მომდგარ "სნაიპერზე" გადანაწილდა. ამის შემსწრე ერთი რუსი სამხედრო შემდეგ წერდა, რომ ადამიანებმა სადესანტო ხომალდებზე შეავსეს კუბრიკები, კორიდორები, კაიუტები, ტვინდეკი, ზედა გემბანი, ნემსის ყუნწის ჩასავარდნი ადგილიც კი არსად იყო დარჩენილი. ხომალდებმა ხალხის მიღება საღამოს 16 სთ-ზე დაასრულეს და სოხუმი 7 597-მა კაცმა დატოვა. 28 ბოლო, მესამე რეისში რუსულმა ხომალდებმა სოფელ მაჭარის სანაპიროდან 2 818 კაცი გაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ სეპარატისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეტევების შეჩერების თხოვნით მიმართა, ოპერაციაში შავი ზღვის ფლოტის ხომალდები მონაწილეობდნენ, ჰაერიდან დაცვას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავიაცია უზრუნველყოფდა, ხალხის გაყვანა ჰაერიდან და ზღვიდან აფხაზთა თავდასხმების თანხლებით მიმდინარეობდა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

27 სექტემბერს აფხაზურმა შვეულმფრენებმა საავიაციო უმართავი რაკეტები დაუშინეს "ოლშანსკის" ბარკასსა და "ბდკ"-69 -ს, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს ზღვაში რამდენჯერმე შეუტიეს აფხაზურმა "გრიფებმა". სეპარატისტთა უკმაყოფილებას მათი "კუთვნილი" მცურავი საშუალებების სოხუმიდან გასვლა იწვევდა. იყო ასეთი შემთხვევა, როცა აფხაზური "გრიფიდან" ნასროლი ჭურვები მტრალავი "სნაიპერის" ბორტთან 4-5 კაბელტოვში (750-1 000 მ) აფეთქდა, რასაც "სნაიპერის" გამაფრთხილებელი ცეცხლი მოჰყვა და სხვ. 28 სექტემბრის საღამოს სოხუმის მახლობლად სანაპიროს რამდენჯერმე მიუახლოვდა შავი ზღვის ფლოტის საჰაერო ბალიშზე მოცურავე პატარა სადესანტო ხომალდი "მდკ"-93 (პროექტი 1232.2) ბორტზე საზღვაო ქვეითთა ასეულით. რუს სამხედროებს ედუარდ შევარდნაძის ევაკუაცია ჰქონდათ დავალებული. ხომალდის ძრავების ძლიერმა ხმაურმა აფხაზ სეპარატისტთა ყურადღება მიიქცია და მას რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს. მაგ დროისათვის შევარდნაძე სოხუმში აღარ იმყოფებოდა და რუსების გარჯა ამაო გამოდგა", დასძენს სტატიის ავტორი.

"რეგულარულად ვკითხულობ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალს" და მინდა გითხრათ, რომ მე ვეთანხმები რედაქციის პოზიციას 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული ავიაციის დანაკარგზე. აქვე დავამატებ, რომ ის, რაც ჯერჯერობით ცნობილია, სრული მონაცემები არ არის, რამეთუ იმპერიული ზრახვების მქონე უზარმაზარი ქვეყნისთვის ძალზე მტკივნეული აღსაქმელია პატარა ქვეყანასთან ომში თითოეული დაკარგული ან დაზიანებული თვითმფრინავის დაფიქსირება. ამიტომაც რუსები მუდმივად ცდილობენ ინფორმაციის გაჟონვის აღკვეთას. ეს ხომ პირდაპირ ამსხვრევს მითს რუსეთის უძლეველობაზე და საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ ებრძოლო მტერს მისი სიძლიერის მიუხედავად", - წერს სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის უფროსი რევაზ სახვაძე ჟურნალ "არსენალში" გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით ვინ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავები.

"მე ჩემი თვალებით ვნახე ბომბდამშენ Cy-24M-ის განადგურება კარალეთის თავზე, ორი მოიერიშე Cy-25-ის დაზიანება და მიღებული დაზუსტებული ინფორმაციით ვიცი მოწინააღმდეგის დაზიანებული თვითმფრინავების რაოდენობა. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას არ აღიარებს, თუ ასე, შემთხვევით არ გავიგებთ კიდევ რამდენიმე თვითმფრინავის ჩამოწერის ან დაკარგვის ფაქტს. იცით, რა მაინტერესებს? არსად არ იწერება, არ ცხადდება იმ სამხედრო ნაწილის დასახელება ან იმ პირადი შემადგენლობის სახელობითი სია, ვინც ეს შეძლო 2008 წლის აგვისტოში. იმ ვაჟკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ სამშობლო მათ ღვაწლსა და ამაგს არ დაუკარგავს, სათანადოდ დაუფასებს. არადა, არავინ წაახალისეს და არც დააჯილდოეს. ერთი რამ მინდა – ადამიანი, ვინც თავის მიწა-წყალს იცავს სიცოცხლის ფასად, არ დარჩეს დაუფასებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თაობები გვეზრდება, ხოლო ასეთი მაგალითები სტიმული უნდა იყოს სამშობლოს მომავალი დამცველებისთვის", - წერს ავტორი.

"ახლა რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ დარჩა ეს გვარები უცნობი ქართველი საზოგადოებისათვის. მოგეხსენებათ, 2008 წლამდე ქართული ჯარი გამალებით იძენდა შეიარაღებას სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყო უკრაინა, საიდანაც შემოდიოდა საჰაერო თავდაცვის ისეთი სისტემა, როგორიცაა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბუკი". მე მაშინ მქონდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან მოდიოდა მოძველებული ტექნიკა და ამის თაობაზე ვესაუბრე საჰაერო თავდაცვის მაღალჩინოსნებს, თუმცა საუბარი საუბრად დარჩა. ვიცოდი რა ჯარის მდგომარეობა და იქ არსებული სიტუაცია, გადავწყვიტე, აღმედგინა რუსების დატოვებული საზენიტო რაკეტები და შეგვეძინა ახლები. ამის შედეგად ჩვენი წინააღმდეგობა რუსებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსული საავიაციო პოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა კობილაშმა თავის ინტერვიუში შემთხვევით დააფიქსირა სიმართლე და თქვა, ვიცოდით ქართველების საჰაერო მზადყოფნის შესახებ, მაგრამ ასეთ წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდნენ, არ ველოდებოდითო", - განაგრძობს წერილის ავტორი.

"ჩემს მიერ დანერგილმა სიახლემ, კერძოდ, კვადროციკლებზე ხელით გადასატანი საზენიტო რაკეტების გამოყენებამ და საბრძოლო რაიონში ოპერატიულმა მოქმედებებმა მართლაც სამაგალითო დარტყმა მიაყენეს მტერს. ბევრს მიაჩნია, რომ საზენიტო რაკეტა უეჭველად ააფეთქებს თვითმფრინავს და ითხოვს მტკიცებულებად მფრინავის თავის ან თვითმფრინავის ფრთის წარმოდგენას... ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, მეგობრებო, ხელით გადასატანი საზენიტო რაკეტა იმდენად მცირე აფეთქების ძალისაა, რომ კონსტრუქტორებს ელექტრონული კვანძისათვის თვითმფრინავის დაზიანების ადგილად ძრავის ან ფიუზელაჟის მითითებამ მოუწიათ. ამიტომ რაკეტის მოხვედრისას მწყობრიდან ძრავა გამოდის, რაც უმეტეს შემთხვევაში მფრინავს აეროდრომზე დაბრუნების საშუალებას მეორე ძრავა აძლევს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მიერ დაზიანებული ან განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობა უფრო მეტია", - დაასკვნის რევაზ სახვაძე.

"აგვისტო საქართველოსთვის მძიმე მოვლენებთან ასოცირდება - 10 წლის წინ იყო რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომი, უფრო ადრე კი, 26 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა... ორივე ომმა ქვეყანას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი მოუტანა, ასობით ადამიანმა კი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირის სტატუსით განაგრძო. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 1990-იანი წლების დამდეგს, სახელმწიფოში ცოტა თუ ფიქრობდა იმაზე, როგორ უნდა გაეგრძელებინათ მათ ცხოვრება. ასეთი პირებისთვის ნელ-ნელა პროთეზირების გრძელვადიანი, თუმცა პროდუქტიული ეტაპები დაიწყო და დაზარალებულ სამხედროებს აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების სტიმული მიეცათ", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით

ახალი ცხოვრება ომში დაჭრილებისთვის / როგორ მიმდინარეობს სამხედროების პროთეზირების პროგრამა.

"შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი 1961 წლიდან არსებობს. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო შესაბამისი სამსახური, რომელიც ომის მონაწილე შშმ ვეტერანებს ემსახურებოდა, პაციენტები იკეთებდნენ პროთეზს და ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდნენ. იმ პერიოდში პრიმიტიული პროთეზები იყო, ძირითადად, ხის, ლითონისა და ტყავის. საბედნიეროდ, ცენტრმა დროს გაუძლო და პროფილი შეინარჩუნა, რადგან ამის საჭიროება იყო – მეორე მსოფლიო ომში დაინვალიდებულების გარდა, უბედური შემთხვევებისა და საყოფაცხოვრებო ტრავმისგან დაზარალებულ მოქალაქეებსაც ემსახურებოდა. გვყავს 1990-იანი წლების აფხაზეთის ომის პაციენტები და ბენეფიციარებიც. მათგან ზოგი სამხედროა, თუმცა სამოქალაქო პირებიც არიან, მათ შორის ისინი, ვინც კონფლიქტის ზონაში დაზარალდა, ნაღმზე აფეთქდა და ა.შ. ვეტერანთა სახელმწიფო საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, 1990-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე და იმ წლებში დაშავებული 500-მდე პაციენტი გვყავს და აქედან უმეტესობა აფხაზეთის ომის მონაწილეა. აგვისტოს ომის მონაწილენი ცოტა გვყავს, თუმცა არიან ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეებიც", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი თეა ერისთავი.

"რეაბილიტაციის ცენტრი 1991 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ცდილობდა მათ პროთეზირებას, თუმცა მაშინაც ბევრად დაბალი ხარისხის პროთეზები იყო. მართალია, არასაკმარისი რაოდენობით, თუმცა შეძლებისდაგვარად ბევრი კეთდებოდა. როდესაც საქმეში გერმანია ჩაერთო, თუ მანამდე ცენტრი საბჭოური ტიპის ტექნოლოგიით მუშაობდა, 2012 წლიდან ყველაფერი შეიცვალა - გერმანიაში შევისწავლეთ მათი ტექნოლოგიები და მუშაობის პრინციპები. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ცენტრმა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მემორანდუმი გააფორმა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა მანამდეც ბევრი მიღწევა გვქონდა - ვეტერანები 100%-იან, ხოლო სამოქალაქო პირები 10%-იან სახელმწიფო ვაუჩერის საშუალებით ევროპული ტიპის პროთეზებს იკეთებდნენ, თუმცა ახლანდელებივით დეტალები გერმანული არ ჰქონდა. მემორანდუმის შემდეგ ბევრად კომფორტულ აქტიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ პროთეზების გაკეთების საშუალება მოგვეცა. ეს ძალიან რთული პროცესია, პროთეზი მუდმივი ვერ იქნება, ბიოლოგიური ცვლილებები ხდება და შესაბამისად, ცენტრს ბენეფიციარებთან მუდმივი კონტაქტი აქვს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"2012 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მართვაში გადავედით, რათა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედროებს თანამედროვე ტექნოლოგიით მოვმსახურებოდით. ამ საკითხით აშშ-ც დაინტერესდა. ვინაიდან ახალი ცენტრის აშენებას დრო სჭირდებოდა, გადაწყდა, რომ სახელმწიფოში უკვე არსებული ორგანიზაცია მათ ზედამხედველობაში გადასულიყო და უფრო მეტად განვითარებულიყო, რაც ახალი აპარატურის ინსტალაციას, ტექნოლოგიასა და წარმოებას გულისხმობს... ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს ამერიკაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით უკეთებენ პროთეზირებას - ელექტრონულ პროთეზს X 3-ს, რომელსაც მხოლოდ გერმანული საპროთეზო კომპანია Oტტობოცკ-ი აწარმოებდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი ორი სპეციალისტი შესაბამისად გადამზადდა და ახლა ჩვენ ყველანაირი მომსახურება, მათ შორის ელექტრონული პროთეზირებაც კი, საქართველოშივე შეგვიძლია. მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ტიპის პროთეზი ადგილზეც დამზადდება", - განმარტავს რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

"1993-93 წლებში თავდაცვის სამინისტროში ვმსახურობდი, სერჟანტი ვიყავი და საომარ მოქმედებებში ვმონაწილეობდი. მაშინ გადავრჩი, მაგრამ 2001 წლის 24 აგვისტოს კოდორის ხეობაში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას ნაღმზე ავფეთქდი და ქვედა კიდური დავკარგე. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, ფეხის ამპუტაცია დამჭირდა. მაშინ "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით გამიკეთეს პროთეზი, თუმცა მაშინდელი პროთეზები ძალიან მალე გამოდიოდა წყობიდან. ადამიანმა მუდმივად უნდა აკონტროლოს წონა, იმატებს ან ხდება და იმ ადგილს, სადაც ფეხია მოკვეთილი, მუდმივი ყურადღება სჭირდება. ორი წლის შემდეგ მაინც უნდა შეიცვალოს ის ადგილი, სადაც ფეხი ჯდება, ანუ ზედა მხარე, რადგან ბიოლოგიური პროცესები თავისას შვრება. მისი შეცვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ 80%-იანი თანადაფინანსება გვაქვს. შეღავათები მაშინაც იყო, თუმცა იმ მოდელის პროთეზს, რასაც ახლა თავდაცვის სამინისტროს დახმარებით აკეთებენ, ვერასდროს შესწვდებოდნენ, რადგან ძალიან ძვირია და ყველა სამოქალაქო პირი მის ღირებულებას ვერ გასწვდება, შესაბამისად, მომსახურების ხარჯებიც მაღალია, ერთი მუხლის გაკეთება 64 ათასი ევრო ღირს... 1990-იან წლებში არავითარი დახმარება არ არსებობდა, საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა – სამხედრო პირებს ორკვირიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი უტარდებათ, ფსიქოლოგები და ექიმები, მხოლოდ დაჭრილებს კი არა, მათი ოჯახის წევრებსაც ეხმარებიან", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით დავლაშელიძე.

"მაშინ IV ბრიგადის ცალკეულ სადაზვერვო დანაყოფში ვმსახურობდი. ცხინვალში 42-ე ბატალიონთან ერთად შევედით. ნაძვნარში პატარა შესვენება გვქონდა, ბრძანებას ველოდებოდით. ეს იყო 8 აგვისტოს. ამ დროს რუსეთის ავიამოიერიშეებმა დაბომბვა დაიწყეს, რა დროსაც მეც დავიჭერი. დაბომბვის წნევამ ბუჩქებში გადამაგდო, მაგრამ კიდევ კარგი, გონება არ დამიკარგავს. ჩემი ხელით გავიჩერე სისხლდენა. მარჯვენა ქვედა კიდური დავკარგე... ჩემმა მეგობარმა დათო ქიმაძემ მიპოვა, რომელმაც ჩემი სხვა მეგობრები მოიყვანა და ქართულ სოფლებამდე ჩამიყვანეს. იქ მეკავშირეთა სამხედრო "ლენდროვერები" იყო და გორში გადმომიყვანეს. შემდეგ განგრენა დამემართა და 20-მდე სამხედროსთან ერთად სარეაბილიტაციოდ თურქეთში, სამხედრო კლინიკა "გათაში" გადამიყვანეს. მოგვიანებით, 2009 წლის იანვარში პროთეზიც გავიკეთე. თავიდან ცოტა უხეში პროთეზი მზადდება, რომ შეეჩვიო, შემდეგ თანდათან იხვეწება. ერთი სიტყვით, მას შემდეგ ორი პროთეზი გამოვიცვალე. ახლანდელი ძალიან კომფორტულია, მხოლოდ ღამე, ძილის წინ ვიხსნი, დანარჩენ დროს სულ მიკეთია, თავისუფლად დავდივარ. ჩვეულებრივი აქტიური ცხოვრება მაქვს. სპორტშიც ვაქტიურობ, პარაფეხბურთში რამდენჯერმე ჩემპიონატი მოვიგე. წელსაც მივდივართ ავსტრალიაში და დიდი იმედი გვაქვს", - დასძენს 2008 წლის ომის მონაწილე გიორგი ჯაბახიძე.