გიორგი ჩერქეზიშვილი - მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში. მათივე ცნობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

„ეს გახლავთ სათემო კავშირების და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ნაწილში მიმდინარე პროექტი, რომელიც შეეხება იმ ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც თითოეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია. როგორც იცით, აქ ჩვენ შარშან გვქონდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თუშეთის ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რომელშიც 24 სოფელი იყო ჩართული და ძალიან ბევრმა მცირე ტიპის სასტუმრომ ისარგებლა - პროექტის ფარგლებში მოხდა როგორც ინტერნეტის მიყვანა, ასევე ჩვენი, კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მოხდა მათი ვაუჩერიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებდა მათ საერთაშორისო სისტემებში ჩართვას. ჩვენ შარშანაც გვყავდა ინტერნეტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC და მასთან წელსაც გავაფორმებთ მემორანდუმს ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით - დაწყებულია მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ ამ ნაწილს მომავალ კვირას უკვე დავასრულებთ. თანხობრივად, ეს არ არის დიდი მოცულობის პროექტები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეფექტი, რომელიც მათ აქვთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები.

ამასთან, მათივე ცნობით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე)

პროექტის ბენეფიციარი იქნება ააიპ „მთის სათემო ქსელი“, რომელიც ოპერირებს ამ რეგიონებში და პასუხისმგებელი იქნება ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ვინაიდან „მთის სათემო ქსელი“ დაკომპლექტებულია რეგიონის მოსახლეობისგან, მათ 3 წლის განმავლობაში უფასო ტრეინინგს ჩაუტარებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია და ISOC Georgia.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა