73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდასაარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები.

მისივე თქმით, ჯამში, კონკურსები გამოცხადდა 21 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობაში ჩარევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სხდომის ფოტო - ვიდეო გადაღება, რითაც უზრუნველყოფილია პროცესის მეტი საჯაროობა. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს კონკურსის წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, ირჩევს ზემდგომი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრი სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიები საქმიანობას იწყებენ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე, უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. კონკურსის წესის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 29 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. მათ ოლქის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან პირადად საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ საკონკურსო განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში; ხოლო, კონკურსის შესახებ ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ელექტრონული სარეკომენდაციო ფორმა განთავსებული იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, მიმართავს იმ პირებს, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება ან/და გავლილი აქვს საარჩევნო საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, პოლიტიკურ პარტიებს, დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი და სანდო არჩევნების ჩატარებას. ცესკო ასევე მიმართავს მედიასაშუალებებს, ხელი შეუწყონ აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებასა და განცხადების გავრცელებას“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა