შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭოს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ცენტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა არ ჯდება მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოში და მოთხოვნის ადრესატი უნდა იყოს სააპელაციო საბჭო. სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების უნივერსიტეტისათვის ჩაბარების შემდეგ, რაც ჭიანურდება, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა გვართმევს დროული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას.

საბჭოს განცხადებით, უნივერესიტეტს შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა მხოლოდ ორი. ეს მტკიცება არ შეესაბამება რეალობას. ექსპერტთა შეფასებით სტანდარტთან სრულად შესაბამისობა ფიქსირდება 7 სტანდარტიდან 3-თან, ხოლო მეტწილად შესაბამისობაშია 4 სტანდარტთან მიმართებით; ხაზგასასმელია, რომ ნაწილობრივ შესაბამისად და შეუსაბამოდ უნივერსიტეტი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა (კანონმდებლობის მიხედვით, სტადარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი შკალით - შესაბამისია, მეტწილად შესაბამისია, ნაწილობრივ შესაბამისია და არ არის შესაბამისი სტანდარტთან). თუნდაც, ერთი მცირედი რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია დასკვნაში დაფიქსირდეს სრული შესაბამისობა სტანდარტის მოთხოვნებთან. დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შვიდივე სტანადარტთან მიმართებით შეფასებულია ან შეფასდება როგორც სრულად შესაბამისი. ამდენად, საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ფორმულირების უარყოფითი კონტექსტი, სწორედაც რომ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საბჭოს განცხადებით, უნივერსიტეტმა ვიზიტის დროს სრულყოფილად არ მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფს საჭირო დოკუმენტაცია. ხაზგასასმელია, რომ ვიზიტის პერიოდში დაწესებულებამ ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომაზე ექსპერტები ერთხმად გამოხატავდნენ დადებით დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ. დოკუმენტურ მტკიცებულებას ამის თაობაზე წარმოადგენს თავად საბჭოს სხდომის ვიდეო-აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერი, რაც საჯარო ხასიათის ინფორმაციაა და მოვუწოდებთ ცენტრს, რომ გაასაჯაროოს იგი.

საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა ინსტიტუციური მდგრადობის შესაფასებლად გაითვალისწინა მხოლოდ პოტენციურ ინვესტორთან არსებული მოლაპარაკებები უნივერსიტეტის შესყიდვის თაობაზე და სათანადო ვადებში მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება მიიჩნიეს სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის მთავარ არგუმენტად. საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ შემოსავლების სამსახურს ოფიციალური წერილით გაცხადებული ჰქონდა ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება. საბჭოს აზრით, პოტენციური ინვესტორის მომავალში განსახორციელებელი მოქმედებები უფრო მყარი არგუმენტი იყო მდგრადობის დასასაბუთებლად, ვიდრე პრობლემის საფუძვლის მთლიანად მოხსნის ფაქტი. უნივერსიტეტი კერძო დაწესებულებაა და მის მიმართ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. იგი თვითონ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს კანონთან შესაბამისობაში მოსვლისა და პრობლების მოგვარების გზები. ამდენად, საბჭოს არგუმენტაცია, რომ უნივერსიტეტის გაყიდვა იყო ერთადერთი გზა მგრადობის უზრუნველსაყოფად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობა ყადაღის მოხსნის თაობაზე დამოწმებას არ საჭიროებს, რადგანაც მასზე დატანილია სათანადო შტრიხკოდი, რაც დამოწმებული დოკუმენტის ექვივალენტური იურიდიული ძალის მქონეა. ცხადია, ყადაღა დადებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომლის მოხსნის თაობაზეც უნივერსიტეტმა მიმართა სასამართლოს, თუმცა უძლურია სხდომათა გრაფიკის განსაზღვრის საკითხში.

საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მიერ არ იყო წარმოდგენილი სარჩელი, რომელშიც დავის საგანი სწორედ საკამათო 715433.01 ლარის ოდენობის ჯარიმა იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისი სარჩელი წარედგინა ექსპერტებს ვიზიტის დროს როგორც მყარი, ისე ელექტრონული ფორმით.

საბჭო აცხადებს, რომ საკამათო ჯარიმაზე 2018 წლის მარტიდან ირიცხება ჯარიმები და საურავები. დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტმა ბიუჯეტში შეიტანა 877309,15 ლარი, რითაც დაიფარა საგადასახადო დავალიანება. ეს დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობით დავალიანების არარსებობის შესახებ.

სრულიად მცდარია საბჭოს განცხადება, რომ უნივერსიტეტს ფინანსური რისკები არ ჰქონდა გათვალისწინებული ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ფინანსურ გეგმებში. უნივერსიტეტს ვებგვერდზე განთავსებული ჰქონდა და აქვს სრული ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ რექტორმა საბჭოზე ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტი ფორმალური ხასიათის იყო და არ სურდა ფინანსური პრობლემების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროება. ცენტრს კვალვ მოუწოდებთ გაასაჯაროოს საბჭოს ზეპირი მოსმენის აუდიო, ვიდეო და სტენოგრაფიული ჩანაწერი.

საბჭოს განცხადებით, უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ცენტრს, წარადგინოს ანგარიში რეკომენდაციების გასწორების შესახებ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე. უნივერსიტეტი ცხადია აპირებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას. დღეის მგომარეობით დავალინება დაფარულია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნისთანავე, მყისიერად მივმართავთ ცენტრს შესაბამისი მოთხოვნით.

2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი. დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი) უარყოფითად არცერთი შეფასებულა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით; ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კაანონმდებლობის მიხედვით.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!

გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას.

ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.

მივმართავთ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უსამართლობასთან ბრძოლაში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო