სულხან ღლონტი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარაში წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი გვქონდა

წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში განსაკუთრებით აქტიურია. ტურისტულ ობიექტებსა და ადგილებში განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტების ნაკადები. რა გამოწვევების წინაშე დგას აჭარა, როგორ ხვდება ის ტურისტებს და რატომ უნდა ესტუმროთ რეგიონს შემოდგომაზე - ამ და სხვა საკითხებზე “ინტერპრესნიუსი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს ესაუბრა.

- ბატონო, სულხან, როგორ ჩაიარა ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა აჭარაში?

- აქტიური ტურისტული სეზონი აჭარაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გრძელდება. ზღვის ხავერდოვან სეზონზე რეგიონს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებისთვისაც ბათუმში წლის ამ დროს დასვენება განსაკუთრებით საინტერესოა. შემოდგომაზე რეგიონი განებივრებულია ისეთი ფესტივალებით, როგორებიცაა ბათუმის საავტორო კინოფესტივალი, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ და ბათუმის ფოტოდღეები. ამ ყველაფერს კი ემატება ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ეკოტურისტული, სათავგადასავლო, გასტრონომიული და სამთო ტურისტული მარშრუტებით.

რაც შეეხება, კონკრეტულად ზაფხულის ტურისტულ სეზონს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარაში წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი გვქონდა. 7 თვის მონაცემებით, მილიონ ასიათასამდე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა რეგიონში, რაც 22%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აქედან, მხოლოდ აეროპორტში 33%-იანი ზრდაა, რაც ბათუმის მიმართულებით ფრენების ზრდითაა გამოწვეული. ჩვენი ქალაქი და რეგიონი ყოველწიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, ბუნებრივია ამ ყველაფერს წინ უძღვის ძალიან დიდი შრომა, რომელიც 16 ქვეყანაში რეგიონის პოპულარიზაციისთვის ტარდება.

- რომ დავაკონკრეტოთ, რითი იზიდავთ ტურისტებს რეგიონში, როცა ასეთი კონკურენციაა ტურისტულ ბაზარზე? რისთვის უნდა ესტუმრონ აჭარას, როცა იგივე ზღვა და უკეთესი სერვისია მეზობელ თურქეთში?

- რამდენადაც, მარტივია ადამიანს აჩვენო შენი ქვეყანა და რეგიონი თანამედროვე სარეკლამო საშუალებებით, იმდენად რთულია მიაღებინო გადაწყვეტილება, ამდენი ტურისტული ადგილიდან არჩევანი სწორედ შენზე გააკეთოს. ამ ყველაფერს, სჭირდება ხანგძლივი, წინასწარ გაწერილი სარეკლამო სტრატეგია, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებად მოახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე. სწორედ, ამ სტრატეგიის, კომპლექსური სარეკლამო აქტივობების დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა იზრდება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ჩვენი პოტენციური ტურისტი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა სატელევიზიო რეკლამით ისეთ არხებზე როგორებიცაა BBC, Euronews, CNN, Doetche Welle, ონლაინ რეკლამით სოციალურ ქსელებსა და მედიაპლატფორმებზე, იგივე რეკლამას ხვდება, როცა თავისი ქალაქის ქუჩებში დადის, მუნიციპალურ ტრანსპორტში ჯდება თუ ტურისტულ სააგენტოს მიმართავს, სადაც ასევე სთავაზობენ ჩვენს ტურისტულ პაკეტებს. ეს ყველა სარეკლამო აქტივობა კი ერთობლივად, როცა წლების განმავლობაში მიმდინარეობს თავის გავლენას ახდენს ადამიანებზე და ისინი სამოგზაუროდ სწორედ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს ირჩევენ.

რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ გვაქვს ის, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ შესთავაზებს ტურისტებს. ჩვენ გვაქვს ზღვა, მთა, სტუმართმოყვარეობა, კულტურა, ტრადიციები და უგემრიელესი სამზარეულო. როგორც ჩვენი კვლევები აჩვენებს, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა მოწონთ ჩვენს ტურისტებს, რომელთა უმრავლესობა თანახმაა რეკომენდაცია გაუწიონ თავიანთ მეგობრებსა და ახლობლებს იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში.

- თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ აჭარაში, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სერვისის დონე. ამ მიმართულებით როგორი მდგომარეობა გაქვთ?

- ტურიზმი რეგიონში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში ახალი დარგია. ამ ყველაფერს ჩვენი ტურისტული ობიექტები ახლა სწავლობენ და ბუნებრივია, ამ მიმართულებით რეგიონში გამოწვევები ისევ გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს რეგიონში არსებულ სერვისის მიმწოდებელ ობიექტებთან და ყოველწლიურად ვანხორციეებთ მათთვის ტრენინგებს. მაგალითისთვის, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში, ბოლო ორ წელში, სექტორში დასაქმებული 1000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ. ჩვენ, როგორც ქალაქში ასევე, მთიან აჭარაში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს ვაცნობთ მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. ამ ყველაფერს, კი წელს დავუმატეთ ინგლისური ენის კურსები კურორტ გოდერძის ტურისტული ობიექტებისთვის. ტურისტული სერვისის მიმწოდებლები არიან გიდებიც, რომლებიც რეგიონსა და ქვეყანას წარმოაჩენენ. ჩვენ მათთვისაც გვქონდა ტრენინგები და 100-დე მეტი გიდი მოვამზადეთ მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ეს პროცესი გრძელდება და დროთა განმავლობაში, ტრენინგები, კერძო სექტორის გააქტიურება და კონკურენცია თავის შედეგს გამოიღებს.

- თქვენ ხშირად ახსენებთ მთიან აჭარას და როგორც ვიცით, თქვენი სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ აჭარა იქცეს 4-ვე სეზონზე დასავენებელ ტურისტულ ადგილად. რა პერსპექტივა აქვს მთიან აჭარას და როგორ გეგმავთ აქციოთ რეგიონი წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველ ადგილად?

- დღეს, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აჭარისთვის ამ ეტაპზე ტურიზმს ალტერნატივა არ აქვს. არ არსებობს სხვა სფერო, სადაც იმდენი ადამიანია დასაქმებული (პირდაპირ ან ირიბად) რამდენიც ტურიზმში. ფაქტია, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი იძლევა აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს. გოდერძისა და გომარდულის, ზოგადად მთიანი აჭარის, ასევე დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების, სპორტული და სხვა ტიპის ტურიზმის თანმიმდევრული და სწორი განვითარების შემთხვევაში ჩვენი მიზნის განხორციელება – აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს ისეთივე მიმზიდველი ტურისტებისთვის, როგორიც ზაფხულშია სრულიად შესაძლებელია. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ახლა ყველა მუნიციპალიტეტის თანმიმდევრული განვითარება მხოლოდ დროის და სწორი მენეჯმენტის საკითხია. უკვე მიმდინარეობს მუშაობა 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე. ეს არის ზუსტად ის სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფოს ხედვას, კერძო სექტორისა და ინდუსტრიაში ჩართული მხარეებისთვის პროგნოზირებადს გახდის, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს