მაია ცქიტიშვილი ჩინეთ-ევრაზიის ფორუმზე - ჩვენ მიმზიდველი ქვეყანა ვართ ინვესტიციებისთვის ღია ბაზრით, ლიბერალური ეკონომიკითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე „სარტყელი და გზა - მშენებლობა, მონაწილეობა და საერთო სარგებელი“. ამასთან, დღესვე, დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა ჩინეთის ექსპო გამოფენა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-ევრაზიის ექსპო და ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა სავაჭრო კავშირების, ხალხთა შორის ურთიერთობისა და ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების შემდგომი გაღრმავებისთვის. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივის -,,სარტყელისა და გზის“ მნიშვნელობას.

„,როდესაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მუდმივად იზრდება, ერთიანი სარტყელისა და გზის ინიციატივა მნიშვნელოვნად აცოცხლებს უძველეს აბრეშუმის გზას ჩვენს თანამედროვეობაში. ის შექმნის ინოვაციური ვაჭრობის მექანიზმებს, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას საქართველოს მიწვევისთვის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპო გამოფენაზე, რომელიც შანხაიში ნოემბერში გაიმართება. უწყების ინფორმაციით, ექსპოზე საქართველოს დელეგაცია უმაღლეს დონეზე - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი და საქართველოს საკუთარი პავილიონი ექნება ქართული კომპანიების სტენდების განსათავსებელად. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც მთელი მსოფლიოდან 10 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის იმპორტის მოზიდვას ისახავს მიზნად და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვაჭრობის ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ერთიანი სარტყელი - ერთიანი გზის ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ერთიანი სარტყელისა და გზის ინიციატივის მხარდაჭერის კარგი მაგალითია თბილისში უკვე ორჯერ გამართული აბრეშუმის გზის ფორუმი.

სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, რომ ქართული მხარე სრულად იზიარებს ერთიანი სარტყელის და გზის ინიციატივის ხუთივე მთავარ პრიორიტეტს: თანამშრომლობას დარგობრივი პოლიტიკის სფეროში, კავშირებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შორის, დაბრკოლებების გარეშე ვაჭრობას, ფინანსურ ინტეგრაციას და ხალხთა შორის ურთიერთობებს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ხელი მოაწერა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

მაია ცქიტიშვილმა ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე ისაუბრა, რომელმაც გასულ წელს 939.54 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ პოლიტიკას და გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, რომელიც ხელსაყრელ პოზიციას უქმნის ქვეყანას იქცეს საინვესტიციო შესაძლებლობების რეგიონულ ცენტრად.

„ჩვენ მცირე ზომის, თუმცა ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ვართ საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზრით, ლიბერალური ეკონომიკითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ასევე - ჩინეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის მაგალითია ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესება, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და რკინიგზის მოდერნიზება.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროექტები გაზრდის საქართველოს საერთო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მის წარმოჩენას სატრანზიტო ქვეყნის სახით. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონში კავშირებისა და თანამშრომლობის სტიმულირების საუკეთესო მაგალითზე და აღნიშნა, რომ პროექტი ეფექტიან სარკინიგზო კორიდორს შექმნის კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ნაკისრი ვალდებულების ერთგული და ყველაფერს გააკეთებს დაინტერესებულ წრეებთან თანამშრომლობის შემდგომი კონსოლიდაციისთვის.

„ჩვენი მიზანია უპრეცედენტო ბიზნეს რესურსები შევთავაზოთ ყველას, ვინც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებს ქვეყნის სწრაფად მზარდ დარგებში, ესაა - ენერგეტიკა, ტურიზმი, წარმოება, რეგიონული მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო