ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ყოლბაიას განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.

1992-1993 წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში ათასობით ადამიანია გაუჩინარებული. უკვე მეოთხედი საუკუნეა, მათი დაბრუნების იმედით ცხოვრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების უმრავლესობა - ცრემლშეუმშრალი დედები, მამები, ახლობლები...

2013 წლიდან მათ მოძიებაში აქტიურად ჩაერთო საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომლის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა ქართველ და აფხაზ ოჯახებს დაუბრუნდეს მათი შვილებისა და ახლობლების ცხედრები.

ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის, ჩვენი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250 ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით.

ფასდაუდებელია ამ საქმეში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ ,,მოლოდინის“ წვლილი. ამ ფონდის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მუზეუმი, რომელიც ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოსთან ფუნქციონირებს. ამ მუზეუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომართა სურათების გვერდით, აფხაზი ეროვნების 135 მეომრის სურათებიიცაა გამოფენილი. ეს ის აფხაზები არიან, რომლებიც იმ ავბედით წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ ნათქვამია, დედის ცრემლმა და ტკივილმა საზღვარი და ეროვნება არ იცისო და სწორედ ეს დაადასტურეს უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების, როგორც ქართველმა, ასევე, აფხაზმა დედებმა, რომლებიც ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი კვლავ განახლდება და ჩვენს ქართველ და აფხაზ დედებს, მსგავსად ხალხური ,,ვეფხისა და მოყმის“ სიუჟეტისა, კვლავაც მოუნდებათ ერთმანეთისთვის საკუთარი გულისტკივილის გაზიარება.

ჩვენ კი ყველანი – სოხუმშიც და თბილისშიც – უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ არსებობს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება“, - აცხადებს ყოლბაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა