რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილმა იცოდა, რომ არავითარი შანსი არ ჰქონდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „არასწორს“ უწოდებს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი აღარ იყაროს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებაში შესაძლოა, დიდწილად მნიშვნელობა იქონია ბიძინა ივანიშვილის წნეხმა, რომელსაც პრეზიდენტი მისი პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში განიცდიდა.

მიუხედავად ამისა, გოცირიძის აზრით, მარგველაშვილს შეეძლო შეექმნა საკუთარი პოლიტიკური გუნდი, ამით სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენის შესახებ განაცხადი გაეკეთებინა და ორიენტირი აეღო 2020 წლის არჩევნებისათვის.

„პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც არის ქვეყნის პრეზიდენტი და არის ქვეყნის ცხოვრების ქარ-ცეცხლში, ასეთ შემთხვევაში შეეძლო გაეგრძელებინა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, თუნდაც როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, ან შეექმნა საკუთარი პლიტიკური გუნდი და სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაზე გააკეთებინა აქცენტი. მას შეეძლო პოლიტიკაში დარჩენა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას ჰყავდა კარგი გუნდი. რეალურად ეს იყო მისი ადმინისტრაცია, ის ადამიანები, რომელიც მან შემოიკრიბა.

რაც შეეხება კონკრეტულად კენჭისყრაზე უარის თქმას, აქ, ალბათ, ივანიშვილის ფაქტორიც მუშაობს, ვინაიდან ის წნეხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 5 წლის განმავლობაში მოდიოდა, სავარაუდოდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი დისკომფორტის შემქმნელი. მე იმას არ ვიტყოდი, რომ შეეშინდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე აღმოჩნდა ის ზეწოლა, რასაც ივიანიშვილი მის მიმართ ახორციელებდა. ერთ-ერთი მომენტი შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომ მარგველაშვილს არ უნდოდა „თავი გაეყო“ ამ საარჩევნო კამპანიაში და ზედმეტი შეურაცხყოფა მიეღო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო არის ის, რომ მან იცოდა - არავითარი შანსი არ ჰქონდა, რომ ის მეორე ტურში გავიდოდა, თუმცა ამ კამპანიაში მონაწილეობით მას შეეძლო სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენის შესახებ განაცხადი გაეკეთებინა და ორიენტირი აეღო 2020 წლისათვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.