შსს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა.

„რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს კი, თავის მხრივ, პოლიციელს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

რისკების შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე გამოვლენილი რისკის დონის შესაბამისად დაიგეგმება გამოცემული შემაკავებელი ორდერით მოძალადისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესი. თუ რისკი მაღალია, მოძალადის კონტროლი უფრო ინტენსიური იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეკომენდაცია და სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა იმ პოლიციელებისთვის, რომლებმაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალადობის ფაქტებზე,” - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო