შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის მშენებლობა იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)“ დასაფინანსებლად იაპონიის მთავრობა, JICA-ს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით, 38,735,000,000 იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით, საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო