„თიბისი ბანკი“ ADB-მ ვაჭრობის ფინანსირების სფეროში საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დაასახელა

აზიის განვითარების ბანკმა „თიბისი ბანკი“ ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ზედიზედ უკვე მეოთხედ დაასახელა წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 23 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს.

“ბოლო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ბანკების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით. დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა პარტნიორობისა და გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა სტივენ ბეკმა.

„ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკმა 2017 წელს 32.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 12 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, და ჯამურად 30 მილიარდი დოლარის ღირებულების 16 600 ტრანზაქცია განახორციელა“, -ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.