ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის გოგოს დედა - ადეკვატურ პასუხს ვერაფერზე გაგცემთ, ემოციებში ვარ - იცით, ვისთან მიწევს დღეს შეხვედრა

ძალიან დიდ ემოციებში ვარ. იცით, ვისთან მიწევს დღეს შეხვედრა და ნახვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ განუცხადა.

დღეს სასამართლოში მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება მის დაკითხვას გეგმავს.

"დღეს მოწმე ვარ. ძალიან მძიმე დღე მაქვს და ამ ეტაპზე ადეკვატურ პასუხს ვერაფერზე ვერ გაგცემთ. მე თვითონ ძალიან დიდ ემოციებში ვარ. იცით, ვისთან მიწევს დღეს შეხვედრა და ნახვა", - განაცხადა ნათია გაბოძემ.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი მის მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს აქვს წაყენებული. გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა ბაქრაძეს ასევე გამოძიება 6 სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება.

ვეფხია ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს