საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო სამსახურებმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა დეპარტამენტმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს მოწვევით გაიმართა.

„ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც 4 წლის ვადით გაფორმდა, ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური დახმარებისა და ევროპული საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში კონსულტაციების გაწევის კუთხით.

2014 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა გაიარეს ფრენის პროცედურები დიზაინის, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვის, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის ზედამხედველობის, სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის და სხვა მიზნობრივი სასწავლო კურსები საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სასწავლებელში (ENAC, ტულუზა). აღსანიშნავია, რომ ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, ტრეინინგები „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ.

გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, ორი ქვეყნის საავიაციო უწყებას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები“, - განმარტავენ სააგენტოში.

„თანამშრომლობის განახლება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის ჩვენ ორ სტრუქტურას შორის ნაყოფიერი ურთიერთობა გავაგრძელოთ საჰაერო ტრანსპორტის ყველა აქტუალურ საკითხზე: მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა და უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვა, გარემოსდაცვითი გამოწვევები“, - განაცხადა DGAC-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ბერტრან დე ლაკომბმა.

საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს შეფასებით, ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდიდან გამოდინარე, საქართველოში ფრანგული მხარის ჩართულობა მეტ მნიშვნელობას იძენს.

„ეს თანამშრომლობა საავიაციო დარგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ხარისხის მაჩვენებელია. საფრანგეთი მოწინავე ქვეყანაა საავიაციო სფეროში და ამ სექტორის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, Airbus-ის, Thales-ისა და MeteoFrance-ის, ასევე პილოტაჟისა და საავიაციო ინჟინერიის უმაღლესი სკოლების წყალობით. საქართველოში DGAC-ის ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია ქვეყანაში ტურიზმის მიმდინარე აღმავლობით“, - განაცხადა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამაზე ხელმოწერის პარალელურად, სამუშაო შეხვედრები შედგა „საქაერონავიგაციასა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც მხარეებმა სააერნაოსნო მომსახურების და ზედამხედველობის სფეროში სამომავლო გეგმებზე და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საავიაციო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს