მამუკა მდინარაძე - თუ ვინმე ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხორავას ქუჩის საქმეზე განხვავებულ ვერსიას მეტყვის, მზად ვარ, “ქართული ოცნების“ დასკვნას შევეწინააღმდეგო

თუკი ვინმე ობიექტურ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით ხორავას ქუჩის საქმეზე რაიმე განხვავებულ ვერსიას მეტყვის, დღესვე მზად ვარ, შევეწინააღმდეგო დასკვნას, რაც “ქართულმა ოცნებამ“ კომისიის ფარგლებში მოამზადა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი რაიმე კრიტიკული კითხვა იყო, რითაც გამოძიებისგან განსხვავებულ შედეგზე გასვლა შეიძლებოდა, “ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან კომისიის სხდომაზე დაბარებული პირების მიმართ ყველა კითხვა დაისვა, მაგრამ განსხავავებულ შედეგზე გასვლა ვერ მოხერხდა.

“როდესაც გამოძიების პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა შეიძლება გამოძიების შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინოს, ამის შესახებ მტკიცებულებების მოპოვება საგამოძიებო კომისიის პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ მთლიანად ოპოზიციას გადავეცით მმართველობა საგამოძიებო პროცესში სწორედ იმ მიზნით, რომ ვიღაცას არ დაებრალებინა, რომ ვინმეს ხელს ვაფარებთ. ამის მიუხედავად, მათ კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება ვერ შესძლეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიცვალა და რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში, საქმეში ხარვეზები რომ არ ყოფილიყო. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან ობიექტური და არსებითი - საგამოძიებო კომისიის ვალდებულებაა დაადგინოს ხარვეზი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დაადგინოს რა შედეგი გამოიწვია ამ ხარვეზმა. თუ შედეგს ვერ ადგენ, ამ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიას არ შეუძლია იმსჯელოს იმის თაობაზე, რომ ამას შეიძლება საქმის შედეგი შეეცვალა. ამასთან, თუ საქმეზე სხვა ვერსიასაც ვერ ადგენ, ამ შემთხვევაში ისრები სხვა მიმართულებით არ უნდა გადაიტანო“, - აღნიშნა მდინარაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა და ამით მუშაობის 3-თვიანი ვადა ამოწურა. დასკვნა, რომელიც “ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტია და “ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს, პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

ამასთან, ფრაქცია “ქართული ოცნება“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტისთვის დადგენილების მიღების შეთავაზებას აპირებს. საუბარია პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენებაზე, რომლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გადაწყვეტილების პროექტის თაობაზე დადგენილებას იღებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს