ევროპარლამენტის დასკვნაში საქართველოს ევროპული რეფორმები ცალსახად დადებითადაა შეფასებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათთვის ღიმილის მომგვრელია, როდესაც ოპოზიცია ცდილობს "საქართველოს ევროპულ გზაზე შავი კატა გადაატაროს".
"ჩვენთვის ღიმილის მომგვრელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული რამდენიმე ჟურნალისტი ცდილობს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე შავი კატა გადაატაროს - მათ ეს არ გამოუვათ. ანგარიშში სინამდვილეში არის პოზიტიური შეფასებები ასოცირების ხელშეკრულებასთან და საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს არ შეუმუშავებიათ ეს დასკვნა, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობდა და ატყუებდა საზოგადოებას ამ დღეებში.
რეალურად, ეს არის ევროპარლამენტის დასკვნა, რომელიც ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ქალბატონმა კლერ მუდიმ გააკეთა ევროპარლამენტის წინაშე და მასში საქართველოს ევროპული რეფორმები დადებითად არის შეფასებული.
დამიჯერეთ, რაც არ უნდა წერილები წეროს გიორგი კანდელაკმა, საქართველოში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები შეუმჩნეველი ევროპელებს არ დარჩებათ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.