ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოებისა და მისთვის იმ უფლება-მოვალეობების მინიჭების ინიციატივით გამოდის, რომელიც დღეს ბიზნესომბუდსმენს გააჩნია.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: - რომან გოცირიძემ, სალომე სამადაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინეს. აღნიშნული ცვლილებები ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის მთლიანად გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, პროექტის ინიცირება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ქმედითუუნარობამ განაპირობა, რომელმაც არსებობის მანძილზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ვერ უზრუნველყო.
მათივე აზრით, ბიზნესომბუდსმენის სამსახურის გაუქმებით და მისი ფუნქციების სახალხო დამცველის უწყებასთან მიერთებით, მოხდება ბიზნესომბუდსმენისათვის მიკუთვნებული ფუნქციების უფრო ეფექტიანად წარმართვა, რაც ქართული ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი ისეთი ფაქტი მოხდა, რომელთა მიმართ ბიზნესომბუდსმენს ნულოვანი რეაგირება ჰქონდა. ვგულისხმობ ხორბლის იმპორტიორებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ცემენტის მწარმოებლების გაკოტრებას და ასევე, შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პროცესს, რაზეც ბიზნესომბუდსმენს არავითარი რეაგირება არ ჰქონია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.