სერგეენკო - ც ჰეპატიტისგან განკურნება არ ნიშნავს, რომ ღვიძლი საბოლოოდ მორჩება - ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი გამოყენება და არაჯანსაღი კვება დამანგრეველი ფაქტორია

ექიმი აბსოლუტურად სწორია, როდესაც ამბობს, რომ პაციენტთა ნაწილი C ჰეპატიტის პროგრამის გავლის შემდეგ ალკოჰოლის მიღებას კვლავ იწყებს, უბრალოდ სწორი არ არის, რომ ამით შეიძლება წყალში ჩაიყაროს ყველაფერი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ამით მინისტრი გამოეხმაურა „ჯანმრთელობის კვლევების კავშირის“ დირექტორის მაია ბუწაშვილის განცხადებას, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ალბათ, უპრეცედენტობიდან გამომდინარე, ახლავს ხოლმე უპრეცედენტოდ მარგინალური შეფასებები. C ჰეპატიტის ვირუსი არის დამაზიანებელი ფაქტორი, რომელიც აზიანებს ღვიძლს. მკურნალობის შედეგად ეს ვირუსი იღუპება, თუმცა ღვიძლი, რომელიც დაზიანებული იყო, საჭიროებს მოვლას. ც ჰეპატიტის ვირუსისგან განკურნება არ ნიშნავს, რომ ღვიძლი საბოლოოდ მორჩება. ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი გამოყენება, არაჯანსაღი კვება არის დამანგრეველი ფაქტორი. ექიმი აბსოლუტურად სწორია, როდესაც ამას ამბობს, უბრალოდ არ არის ასე, რომ შეიძლება წყალში ჩაიყაროს ეს ყველაფერი. ამ პროექტის სამი ტრიადა არის:1) პრევენცია ახალი შემთხვევების, 2) საკუთრივ მკურნალობა და 3) პაციენტების ინფორმირებულობა. სამივე არის თანაბრად მნიშვნელოვანი და სამივეს ვახორციელებთ ჰარმონიულად,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 490 პაციენტისთვის მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ამ პერიოდის განმავლობაში არის 490 პაციენტი, რომლისთვისაც მკურნალობა ამ სქემით წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ არის განკურნების მაჩვენებელი 98.2 %. 100% - ით არცერთი მედიკამენტი არ მოქმედებს. ამ პაციენტებზე, მე ზუსტად გუშინ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ტელე კონფერენცია, რომელსაც ახალ შესაძლებლობას მივცემთ და ამ 490 ადამიანსაც მივცემთ განკურნების საშუალებას უკვე ოქტომბრიდან,” - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ინტერპრესნიუსმა“ მინისტრს იმის თაობაზეც დაუსვა კითხვა, რამდენად ხშირად იკავებენ პაციენტები C ჰეპატიტის განკურნების პროგრამაში ჩართვისგან თავს იმის გამო, რომ ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა არ სურთ. დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო.

„თუ პროგრამაში ჩართვის პირველი წლის განმავლობაში ასეთი რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენ აქტიურ სამუშაოს ვეწევით პაციენტებთან, რის შედეგადაც ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად კლებულობს. მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა განულებულია. მიახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება იმ 100 000 ადამიანიდან, რომელსაც ეს მკურნალობა სჭირდება, შესაძლოა რამდენიმე ათეულმა შეიკავოს თავი ამის გამო,” - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ „ჯანმრთელობის კვლევების კავშირის“ დირექტორმა მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს. მისი თქმით, იმ პაციენტების დიდი ნაწილი, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაიარეს, მაინც აგრძელებენ ალკოჰოლის მოხმარებას, რამაც შესაძლოა, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოც გამოიწვიოს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის