ყაზახეთის ელჩი - ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს

ყაზახეთის ტერიტორიაზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 60 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ნაციონალური კულტურული ცენტრი, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ბავშვებს ასწავლონ მშობლიურ ენაზე, - ამის შესახებ საქართველოში ყაზახეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ყაზახეთში 120-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. იქ ყველა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ მიწაზე, მათ შორის ქართველები. დღეის მდგომარეობის, ყაზახეთის ტერიტორიაზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 60 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ნაციონალური კულტურული ცენტრი, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ბავშვებს ასწავლონ მშობლიურ ენაზე. როდესაც ქვეყანაში საყოველთაო თანხმობა და პოლიტიკური სტაბილურობაა, ესეც რა თქმა უნდა იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ბაურჟან მუხამეჯანოვმა.

რაც შეეხება საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობის პოტენციალს, საქართველოში ყაზახეთის ელჩის შეფასებით, ამ ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„სავაჭრო ბრუნვაში ჩვენს ქვეყნებს ჰქონდათ როგორც აღმასვლა, ისე დაღმასვლა, თუმცა 2016 წელთან მიმართებაში გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა. ამ მომენტისთვის ორ ქვეყანას შორის სავაჭო ბრუნვის საერთო თანხა 65 მილიონ დოლარს შეადგენს. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით ასევე მოსალოდნელია სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 65 მილიონი ეს ის თანხაა, რომელიც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობაში. მაგალითად, ლატვია რომ ავიღოთ, რომელიც ტერიტორიულად საქართველოზე პატარაა, მოსახლეობის მხრივ კი იდენტური, ლატვიასა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენს. შესაბამისად, რა თქმა უნდა ამ მხრივ განვითარების პოტენციალი არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს პრობლემები, რომლებიც მოგვარებადია“, - აღნიშნა მუხამეჯანოვმა.

ამ კონტექსტში ელჩმა ბათუმის პორტზეც ისაუბრა, რომელიც ყაზახეთმა 49- წლიან მმართველობაში აიღო. ბაურჟან მუხამეჯანოვი მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტთან მიმართებაში არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა