მლეთაში ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, მლეთაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და პროექტის შესახებ მათი მოსაზრებების წარმოდგენა იყო.

შეხვედრაზე, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია კომპანია „გამა“ კონსალტინგმა წარადგინა. პროექტის შესახებ მოსაზრებები ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

განხილვაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და განსახლების სპეციალისტები, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა წარმოდგენილი წინადადება დეტალურად გაანალიზდება და შესაძლებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიშში აისახება.

„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 22.7 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის. გარდა ამისა, ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს. გზა ასევე გააუმჯობესებს ხეობაში დარჩენილი მოსახლეობის საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა