ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია „იბერიას“ განცხადებას ეხმაურება

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

„ინტერპრესნიუსი“ ფინანსთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ჩვენი მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა.

ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა.

ცალსახა პროგრესი ამ მიმართულებებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასახულია საერთაშორისო შეფასებებში. ამის დასტურია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც მედია თავისუფლების მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.

ამ პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სოციალური ვალდებულება ასობით ათასი პენსიონერის, პედაგოგის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველის და სხვა ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახელმწოფო ვერ დაუშვებს ამ ვალდებულების საფრთხის ქვეშ დაყენებას ვერცერთი კონკრეტული კომპანიის ვალაუვალობის, თუ არასწორი პოლიტიკით წარმოშობილი ვალდებულებების გამო.

გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის შეფასებების დიდი ნაწილი, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებზე, დამოკიდებულია სწორედ გამართული ფისკალური პოლიტიკის წარმოებასა და გადასახადების ამოღების მაჩვენებლებზე.

სახელმწიფო სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების ფარგლებში, ახორციელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ნებისმერი ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.

ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.

თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება.

იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები

ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ტელეკომპანია “იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

„იბერიას ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია - ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქ ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია იბერია და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რომ შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა“,-განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო