პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს შეხვდება

პრეზიდენტი მზად არის ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. ნაცვლიშვილს შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი საქმის კურსშია იმ განცხადებების შესახებ, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ ბოლო პერიოდში გააკეთა.

„ის განცხადება, რომელიც გააკეთა ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „იბერიასთვის“ შესაძლო პრობლემების შექმნის შესახებ, ძალიან საყურადღებოა. ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც საკითხი მედიას უკავშირდებოდა, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე, იმიტომ რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ყველა სხვა წინა შემთხვევაში, როდესაც მედია აკეთებდა განცხადებას პრობლემების შესახებ, ახლაც პრეზიდენტი არის საქმის კურსში. ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელთა გაცნობა მათ უნდათ პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია “იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

„იბერია“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია - „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია „იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა“,-განაცხადა „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო