ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით რეგისტრაციის 46-მა მსურველმა მიმართა.
მისივე ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ, რომელთა რაოდენობაც 25 923-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
"ცესკოს საარჩევნო სუბიექტობის 46-მა მსურველმა მომართა. მათგან 26 წარმოდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ, ხოლო დანარჩენი 20 წარადგინა პოლიტიკურმა პარტიებმა. კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერ ამომრჩევლთა ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. წარმოდგენილ ხელმოწერებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხარვეზი იქნება დადგენილი, მის გამოსასწორებლად შესაბამის საინიციატივო ჯგუფსა და პარტიას აქვს ორდღიანი ვადა. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ისევ შეამოწმებს წარმოდგენილ ხელმოწერებს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 28 სექტემბერი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
იხილეთ ვიდეო: საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა