ირაკლი კობახიძე - მიზანშეწონილი არ არის, რომ გადამხდელის თანხების ხარჯზე მოხდეს თანამდებობის პირების მთელი ცხოვრების მანძილზე შენახვა

როგორ შეიძლება, რომ ამდენი ფული იყრებოდეს იმის გამო, რომ არასწორი ნორმა გვიწერია კანონში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია„იმედის“ ეთერში „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა ფულის ფუჭი გადაყრაა.

„მე თვითონ გამოვედი ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დაცვა არ უნდა სჭირდებოდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. არავისთვის არ არის საჭირო ის, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც ემსახურებოდეს დაცვა. ეს არის თანხების ფუჭი ყრა და ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს წყალში გადასაყრელი თანხები. მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, საუბარია გადასახადის გადამხდელის თანხებზე. ეს აუცილებლად იქნება ასახული რეგლამენტის ახალ პროექტში.

თქვენ ნახეთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მეოთხე პრემიერ-მინისტრია ხელისუფლებაში. ზოგადად დამახასიათებელია საპარლამენტო სისტემებისთვის პრემიერ-მინისტრების შედარებით ხშირი ცვლა. მიზანშეწონილი და გამართლებული არ არის ის, რომ გადამხდელის თანხების ხარჯზე თანამდებობის პირების შენახვა მთელი ცხოვრების მანძილზე ან თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო სისტემა, სადაც პრეზიდენტს აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები. ობიექტურად თქვენ თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებობს პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის საჭიროება, მაშინ შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ პრეზიდენტს მთელი ცხოვრება არ სჭირდება უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

გაიხსენეთ, რამდენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰყავს ქვეყანას. არამარტო ჩვენ პერიოდში. მანამდე რამდენი ჰყავდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ ამდენი ფული იყრებოდეს ელემენტარულად იმის გამო, რომ არასწორი ნორმა გვიწერია კანონში. რამდენი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გვყავს. ყოფილი პრეზიდენტი ბევრი არ გვყავს, თუმცა იქაც ფულის ფუჭი ყრაა ეს ყველაფერი. რეალურად, კონკრეტული ადამიანების არასწორი პრივილეგიების გამო არ უნდა ზარალდებოდეს საზოგადოება და ეს არის ამ ცვლილების მიზანი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს