სერგი კაპანაძე - იმ განცხადებით, რომელიც თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას თანამდებობა არ უნდა ეკავოს

იმ განცხადებით, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას იუსტიციის მინისტრის თანამდებობა არ უნდა ეკავოს და ამ მიმართულებით საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია არის სწორი და სამართლიანი, - ასე გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე თეა წულუკიანის შეფასებებს.

კაპანაძემ იუსტიციის მინისტრის განცხადებას დღეს სპეციალური ბრიფინგზე უპასუხა, სადაც მთავრობას მიმართა, რომ კომისიის დასკვნით დამტკიცებული ყველა რეკომედაცია შეასრულოს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებაზე.

“თეა წულუკიანი, ყოვლად სამარცხვინოდ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ევროკონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის მინისტრი იყოს სამართლიანობის გულშემატკივარი, გულშემატკივრობდეს იმ ადამიანების დასჯას, ვინც ხელი დააფარეს მკვლელებს, ნაცვლად იმისა, რომ გულშემატკივრობდეს დაზარალებულ მხარეს და დაინტერესებული იყოს მათი ბედით, ის ამ ტრაგედიას იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხას პოლიტიკურ ოპონენტებს. მინისტრი სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ თურმე “ევროპული საქართველო“ დაინტერესებული ყოფილა სრულიად უდანაშაულო ადამიანების დასჯით და ამ ყველაფერს ევროკონვენციის დარღვევით აკეთებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ძალიან ბევრი დარღვევა გამოავლინა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ საგამოძიებო უწყებები მირზა სუბელიანის ნათესავებს ხელს აფარებდნენ. კაპანაძის თქმით, შესაბამისი ფაქტები კომისიის მიერ უტყუარად არის დადგენილი.

“ჩვენ ამის გამო გავეცით რეკომენდაციები, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც ამაში შემჩნეულია, მათ შორის ირაკლი შოთაძე, რომელიც თეა წულუკიანის ფავორიტი იყო და ბოლო წამამდე კბილებით იცავდა, მათ მიმართ დაიწყოს გამოძიება. თავად წულუკიანის მიმართ გავეცით კონკრეტული რეკომენდაცია, რომ დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მან, როგორც იუსტიციის მინისტრმა, შეარჩია მთავარი პროკურორი და მას ბოლო წამამდე გულშემატკივრობდა“, - განაცხადა კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა