გიორგი ვოლსკი - მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ეყოლებათ თუ არა ყოფილ უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა

მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ეყოლებათ თუ არა ყოფილ უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი მხოლოდ მთავრობის ინტერესებში არ შედის და საზოგადოებასაც აინტერესებს, რაში იხარჯება გადასახადები.

„არ ექნება დაცვა - ასე ნუ ვიტყვით, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არ ითვალისწინებს პირველ წელიწადს, შემდგომი წლები როგორ წარიმართება, ამაზეა საუბარი, ან რა ხასიათი ექნება თვითონ ამ დაცვის სისტემას და რამდენად საჭირო იქნება. არ მგონია, ეს მარტო მთავრობის ინტერესებში შედიოდეს, საზოგადოებასაც საკმაოდ აინტერესებს, რაში იხარჯება გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში შედის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ. უფრო კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ასევე მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სამსახურის სხვა დასაცავ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე - კერძოდ, თუკი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვა არ შეუნარჩუნდებათ, თუკი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის გამო მოხდება.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა