მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა

სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემა, - ასე აფასებს 2008 წლის აგვისტოს ომს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა.

მეთიუ ბრაიზას შეფასებით, მაშინ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ მეგობარს სჯეროდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს.

„პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არც ერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა“,- აცხადებს ბრაიზა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ ეგულება პრეზიდენტი, რომელიც არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას.

ბრაიზა აცხადებს, რომ 2008 წელს, „პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა“.

„ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს იყო 2008 წლის მაისში - სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ნაწილობრივ ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილის და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი მსგავსი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და ნაწილობრივ დამოუკიდებლობის დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემა. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?”- აცხადებს ბრაიზა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

იხილეთ სტატია სრულად