მეთიუ ბრაიზა - 2008 წელს საქართველოს "ჯაველინები" რომ ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერ გაბედავდა უკრაინაში შეჭრას

დღეს სანქციები გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ზოგ ახალ წევრ ქვეყანას სანქციების მოხსნა სურს, მგონი, პრეზიდენტი ტრამპიც კი არ იტყოდა უარს ამაზე, - ასე აფასებს რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიო ლიდერების ქცევას „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა.

ბრაიზა 20018 წლამდე პერიოდსაც იხსენებს და აცხადებს, რომ „2008 წლამდე რუსეთმა გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა“.

„გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - ომი დაიწყო წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია“, - აცხადებს ბრაიზა.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავდა ყველა ის გაფრთხილება, რომელიც ამერიკამ მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მისცა, რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთებას, ბრაიზა აცხადებს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო.

„ნამდვილად გეთანხმებით - ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მე მაშინ გამოვთქვი ამაზე აზრი, მაგრამ აზრის გარდა, მე ბრძანებებიც მქონდა... ვფიქრობ, მართალი ხართ და შეიძლება ხაზი გავავლოთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მწარე მარცხიდან, საქართველოს გვერდში მდგარიყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, და საბოლოოდ, ეს ხაზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანს. ყველა სიგნალი, რომლებიც გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ". მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა „მისტრალები“ მოსკოვისთვის. ეს იყო ის იარაღი, რომელზეც 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ თქვა, „მისტრალის“ გადამზიდები რომ გვქონოდა, საქართველოში ბევრად ეფექტური ვიქნებოდითო. ეს ხდება 2014 წელს, როცა საქართველოსთან ომიდან სულ რაღაც 6 წელია გასული, რუსეთი კი უკრაინაშია შეჭრილი“,- განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ლიდერები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს საქართველოს და რუსეთის მაგალითზე.

„დღეს გვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ზოგ ახალ წევრ ქვეყანას სანქციების მოხსნა სურს, მგონი, პრეზიდენტი ტრამპიც კი არ იტყოდა უარს ამაზე. ისეთი ლიდერებიც შემოგვრჩნენ, რომლებმაც ეს გაკვეთილი ვერ ან არ გაითავისეს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დავუფასოთ, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიწოდება გადაწყვიტა. მსგავსი ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციამ ვერ გადადგა საქართველოსთვის - საქართველოს რომ 2008 წელს "ჯაველინები" და მსგავსი თავდაცვითი შეიარაღება ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერასოდეს გაბედავდა უკრაინაში შეჭრასაც“, - აცხადებს ბრაიზა.

ბრაიზა საქართველოს მიერ ნატო-სთან და ევროკავშირთან მიღწეულ პროგრესსაც აფასებს.

„თანამშრომლობის მხრივ დღეს უფრო ახლოს ხართ, მაგრამ წევრობის მხრივ, არა. გარდამტეხი მომენტი ბუქარესტის სამიტზე იყო და ეს იყო პრეზიდენტ პუტინისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი - ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მას დროზე უნდა ემოქმედა, რადგან უკრაინა და საქართველო შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ ნატო-ს წევრებად მოევლინებოდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ყოველწლიურად ხელახლა ადასტურებს ამ დაპირებას, ვფიქრობ, გული აღარ მიუწევთ ამისკენ. ჭკვიანური იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რეალურად როგორ დაუახლოვდეთ ნატო-ს და ევროკავშირს, ე.წ. დე ფაქტო ინტეგრაციას რაც შეიძლება ღრმად - ეს აჯობებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ არენაზე გამართულ პოლიტიკურ ბატალიებსა და გაწევრება-არგაწევრების პერსპექტივებზე თავის ტეხას“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო