ირაკლი სესიაშვილი - ცალსახა საუბარი იმაზე, რომ 51-მილიონიან ვალზე თვალი დავხუჭოთ, რადგან მის მფლობელს აქვს მედიასაშუალება, არასწორად მიმაჩნია

ცალსახა საუბარი იმაზე, რომ 51- მილიონიან ვალზე თვალი დავხუჭოთ, რადგან მის მფლობელს აქვს მედიასაშუალება, არასწორად მიმაჩნია, - ასე ეხმაურება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიის თავისუფლება მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი და დაცული. გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო, რადგან ჩემთვის საქმის შიდა დეტალები უცნობია, თუმცა მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების ზურგს უკან, რაც არ მგონია, სწორი იყოს. მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები და კომპანიები გაერკვევიან ერთმანეთში თუ ვის რა დავალიანება აქვს. მხოლოდ აპელირება მედიის თავისუფლებაზე სწორად არ მიმაჩნია, რადგან ხელისუფლება მედიის თავისუფლებას განუხრელად იცავს. რაც შეეხება დავალიანებას, ნებისმიერმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა მედიასაშუალებას, თუკი აქვს დავალიანება, ეს უნდა გადაიხადოს. 51 მლნ ლარი ცოტა ნამდვილად არ არის. ეს თანხა აუცილებლად უნდა მოხმარდეს ქვეყნის კეთილდღეობას. ცალსახა საუბარი იმაზე, რომ 51- მილიონიან ვალზე თვალი დავხუჭოთ, რადგან მის მფლობელს აქვს მედიასაშუალება, არასწორად მიმაჩნია, ამიტომ გავერკვეთ, საქმე გვაქვს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ კამპანიასთან, თუ საქმე გვაქვს იმასთან, რომ კერძო კომპანიის მეპატრონე ცდილობს საკუთარი ბიზნეს ინტერესები დაიცვას მედიის ინტერესების დაცვის მოტივით", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია" რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია „იბერიას" საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას" მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ის საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო