ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება ეკონომიკის რეალურ სექტორში

საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, 2018 წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 34.3 პროცენტით გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელს უწყობს მოგების გადასახადის რეფორმა.

„რეინვესტირების ზრდის ტენდენცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდაზე, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები. რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელს უწყობს მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნეს-საქმიანობის გასაფართოებლად,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში, სადაც ინვესტიციების მოცულობამ 108.8 მლნ. აშშ.დოლარი შეადგინა. საფინანსო სექტორში ინვესტიციების მოცულობამ 64.1 მლნ. აშშ . დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3105 პროცენტით (62.1 მლნ. აშშ. დოლარით) აღემატება. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების 21.3 პროცენტიანი ზრდა (3.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 22.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში გაიზარდა და ზრდამ 56.8 პროცენტი (66.9 მლნ. აშშ. დოლარი), ხოლო საერთო მოცულობამ 184.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერს ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე,” - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების და ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას,” - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა