კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანოს - უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია

მზად არის კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანოს - უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ჯერ არ არის, თუმცა პროექტის ინიცირებას ახლო მომავალში ელიან.

კანონპროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანო იქნება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და კოორდინაციას გაუწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას. საბჭო შეაფასებს საშინაო და საგარეო საფრთხეებს, განიხილავს თავდაცვის აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი. პარლამენტის წარმომადგენლები უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არ იქნებიან, თუმცა მოწვევის შემთხვევაში, საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უსაფრთხოების საბჭოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

2017 წლის ბოლო განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა და მის ბაზაზე ახალი სტრუქტურა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა, რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კომპონენტი შეითავსა. კანონში შეტანილი ცვლილებებით, უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებლად მთავრობა განისაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო