კახა კალაძე გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

კალაძემ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების ნაკლებობა. არსებულ პარკებშიც გვაქვს სერიოზული პრობლემები და მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მათი განახლება-რეაბილიტაცია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პარკს, აქ მოეწყობა დაახლოებით 700-მეტრიანი ველობილიკი, სათამაშო სივრცეები ბავშვებისთვის, მთლიანად განახლდება შადრევანი, ასევე, მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი ძაღლების გასასეირნებლად. აქ პრობლემა იყო ხეებთან დაკავშირებით. დაახლოებით, 400 ძირი გამხმარი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფიჭვი მოიჭრა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ამ პარკს არ ეხება, ზოგადად, ამ მხრივ ქალაქში სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით, 20 ათასამდე უვარგისი ხეა უკვე მონიშნული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე. აქ 460 ძირი ხე დაირგვება, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მლნ ლარი ჯდება.

ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პარკში არსებული საღი ხეების შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება სეპარირების ურნები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.

პარკში მოჭრილი ზეხმელი ხეების ნაცვლად დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია), ასევე, დაიგება ბალახის საფარი.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. კახა კალაძესთან ერთად, სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე გაეცნენ.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო