არჩილ თალაკვაძე - „ევროპულმა საქართველომ“ არ გასცა პასუხისმგებლიანი პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას და ზაზა სარალიძეს ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ძალები მოახერხებენ გვერდზე გადადონ პოლიტიკური ინტერესები და პლენარულ სხდომაზე მიღებული იქნება დადგენილება, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებას რეალურად მოემსახურება.

ამის შესახებ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის და უმცირესობის წევრების მიერ შემუშავებული დასკვნების პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელად ვიზიარებ ამ ოჯახების ტკივილს, მათ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს და ძალიან კარგად მესმის ამ მშობლების ემოციების.

ჩვენ შეგვიძლია ორი რამის გაკეთება - პირველი, რომ სხვა ბავშვები და ოჯახები დაცული იყვნენ ამ ტრაგედიებისგან და ამისთვის ძალიან მკაცრი რეკომენდაციები გვაქვს, თუ რა ხარვეზებია საგამოძიებო პროცესში და როგორ უნდა გამკაცრდეს სიტუაცია სკოლებში, ხოლო მეორე - ჩვენ მივეცით საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა „ევროპულ საქართველოს“, რათა მათ დაედგინათ, სახელმწიფო ხომ არ არის სიმართლის წინააღმდეგ, ან მართლმსაჯულების წინააღმდეგ ამ საქმეში. მათ ახალი და არსებითი სიახლე ვერ დაადგინეს, მაგრამ სამაგიეროდ ანგარიშში დიდი დოზით მოათავსეს ვანო მერაბიშვილის საკითხი, ასევე მოთხოვნები, რომლებიც მინისტრების გადაყენებას ეხება და მე ვფიქრობ, მათ არ გასცეს პასუხისმგებლიანი პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას და ზაზა სარალიძეს ჰქონდა. ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები, შევიმუშავეთ მკაცრი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დავიცვათ უფრო მეტად ჩვენი მოზარდები სკოლებში. ჩვენ გვაქვს მკაცრი რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სხვა ბავშვები იყვნენ მომავალში დაცული მსგავსი საფრთხისგან. ასევე გვსურს, რომ ჩვენი შეფასებები აისახოს პარლამენტის დადგენილებაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ სიმართლისთვის და იმისთვის, რომ ეს მომავალში აღარ განმეორდეს, პოლიტიკური ძალები მოვახერხებთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ინტერესები და პლენარულ სხდომაზე მივიღოთ ისეთი დადგენილება, რომელიც მოემსახურება რეალურად ბავშვების და მოზარდების უსაფრთხოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც სრული უფლება აქვთ ამ ადამიანებს, რომ შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა