კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ სეულში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სეულში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციამ, ზვიად ძიძიგურისა და ენძელა მაჭავარიანის მონაწილეობით, კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, ლი ჯუ-იონგმა მიიღო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარის მიმართ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლად არჩეული ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების მიერ პირველი ოფიციალური დელეგაციის რანგში სწორედ საქართველოს წარმომადგენლობის მიღება.

„საგულისხმოა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის გაცვლითი ვიზიტები, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაამყარონ კონტაქტები, ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეხვედრაზე საქართველო-კორეას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აღინიშნა. ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის პოტენციალის განვითარების აუცილებლობას და მომავალში ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზაობა გამოითქვა. მხარეებმა უმაღლესი თანამდებობის პირების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კორეელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში მიმდინარე ვითარების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, რუსული ოკუპაციის შედეგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. კორეულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იუ სინგ-ჰისა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იუნ კვან-სუკს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა მზაობა მეტი დინამიკა შესძინონ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის პირების გაცვლით ვიზიტებს.

საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა კორეელ კოლეგებს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები. ასევე ისაუბრა ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზე და ბიზნეს-წარმოებისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემოების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მათი გაღრმავების კონკრეტული შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეროვნული ასამბლეის სატელევიზიო არხს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის პირველი დღის დასასრულს კორეის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კანგ სოკ-ჰოსთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე საერთაშორისო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე განვითარებას, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კორეის საელჩოს ადგილზე საქმიანობა მეტ მხარდაჭერას შესძენს ქვეყნებს შორის სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული ურთიერთობების განმტკიცებას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ კორეის რესპუბლიკის მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობის დამყარების კუთხით. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოსთვის და იძლევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეალურ შესაძლებლობას. კომიტეტის თავმჯდომარემ, კანგ სოკ-ჰომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული. საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს კორეის რესპუბლიკის, როგორც აღმოსავლეთ აზიაში მნიშვნელოვანი პარტნიორის, მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას. შეხვედრებს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 12 სექტემბერს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა