ნოდარ ხადურმა სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე კონფერენცია გახსნა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე კონფერენცია გახსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამისა (CLDP) და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით პირველად ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

„ჩვენს სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა აქვს ევროკავშირის ექსპერტებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების - ICN, OECD, UNCTAD- წარმომადგენლებთან, თუმცა ეს გახლავთ პირველი ღონისძიება, რომელიც აშშ-ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ხორციელდება, რაც კონკურენციის სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის ექსპერტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას.

სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვების სფერო და ამ პროცესში კონკურენციის დაცვის საკითხი უმნიშვნელოვანესია. საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მთავარ მიზანს ბაზარზე შესვლის სხვადასხვა სახის ბარიერების დაუშვებლობა და ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა წარმოადგენს. ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაში, საქმეების განხილვაში ყოველთვის ჩართულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები.

საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მუშაობს კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვაზე, ამ პროცესებში კი, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ახლადშეძენილი ამერიკელი მეგობრებისა და კოლეგებისგან ინფორმაციის მიღება, ათწლეულების მანძილზე დანერგილი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა.

კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას იღებს 30-მდე სახელმწიფო უწყების - სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. ღონისძიებას ასევე ესწრება ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე.

კონფერენცია 10-12 სექტემბერს, სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi”-ში იმართება და შემდეგ თემატიკას მოიცავს: კონკურენციის სამართლის განვითარების უახლესი ტენდენციები საქართველოში; სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებების გამოვლენის პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში; კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების თავისებურებები აშშ-ში და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა