საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

გამოფენა სიტყვით გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება, მართლაც უნიკალური გამოფენების სერია ეროვნულ მუზეუმში. ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, საშუალება აქვთ, გარდა საგამოფენო სივრცეების დათვალიერებისა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებით. ეს კიდევ ერთი კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს კულტურა და განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით, ეროვნულ მუზეუმთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

25 ნოემბრამდე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრები იქნება გამოფენილი, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა“.

გამოფენაზე წარმოდგენილია 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები - ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ,, ნამუშევრები სრულყოფილად წარმოაჩენს სახვითი ხელოვნების იმ ჟანრებსა და სტილს, რომლებმაც ბაროკოს ესთეტიკა განსაზღვრა და, იმავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის, როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი საკომუნიკაციო სისტემა.

პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში.

ინიციატივის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'Italiana".

გამოფენების მხარდამჭერები ასევე არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს