ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტის შენობასთან გაატარეს

შვილმოკლულმა მშობლებმა - ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტის შენობასთან გაატარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაზა სარალიძემ განუცხადა, მან შიმშილობა დაიწყო და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.

„შიმშილობა უკვე დავიწყე წუხელ და ვაპირებ გაგრძელებას. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, ის ჩემთან ერთად იმყოფება, თუმცა შიმშილობას სარწმუნოება უკრძალავს“, - განაცხადა სარალიძემ.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის ელოდება მოქალაქეების თანადგომას, თუმცა, ამ თანადგომის გარეშეც, მისივე თქმით, პროტესტი მაინც გაგრძელდება.

„დიდი მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოება გაერთიანდება თუ არა, მე მაინც არ ვაპირებ ფარ-ხმალის დაყრას და აქ ვიქნები, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამ დროისთვის უცნობია, დადგამენ თუ არა აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობის წინ კარავს. როგორც სარალიძემ განაცხადა, ისინი სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებენ.

ცნობისთვის, გუშინ აქციის მიმდინარეობისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ის მთავრობას 24-საათიან ვადას აძლევს, რათა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დღეს დილიდან შეუერთდნენ მათ, ხოლო 19:00 საათზე მასშტაბურ აქციას გამართავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს