ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გერმანიაში მცხოვრები მეგი სტემპმენი ესტუმრა

10 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო მშვიდობის სახლის“ ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გერმანიაში მცხოვრები მეგი სტემპმენი ესტუმრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მეგი სტემპმენი 11 წელია გერმანიაში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული დიდი ბაბუის, ჭოლა თედორაძის საფლავს ეძებს.

მეგი სტემპმენმა ბაბუის საფლავის ძიების პროცესში, უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ფონდთან დაამყარა ურთიერთობა, ევროპის არაერთი ქვეყნის საარქივო მასალა შეისწავლა. შედეგად მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული, თუ ტყვეთა ბანაკებში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების საფლავებს მიაგნო, რის შესახებაც მასალებს სოციალური ქსელით, პერმანენტულად აქვეყნებს, დაკარგულთა ოჯახებს ინფორმაციას აწვდის და უანგაროდ ეხმარება.

„ჩემი უდიდესი სურვილი იყო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოვსულიყავი და მადლობა გადამეხადა იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი სამსახურიდან ვგრძნობ. გასული წლის ნოემბრიდან აქტიურად ვეძებ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ტყვეების თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულების საფლავებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ძალიან დამეხმარა ოჯახების პოვნაში, ასევე, თქვენი სამსახურის საშუალებით, ბევრი დაკარგულის ოჯახი მიკავშირდება. რამდენიმე ჯარისკაცის შთამომავლები გეგმავენ გერმანიაში ჩამოსვლას და წინაპრებისთვის პატივის მიგებას, რაშიც, რა თქმა უნდა, უანგაროდ დავეხმარები. თქვენი უწყების საშუალებით დავუკავშირდი ‘’საერთაშორისო მშვიდობის სახლს’’, რომელიც, სხვა, ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად, ჩართულია ქართველი ჯარისკაცების საფლავების მოძიებაში, არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მჯერა, ერთობლივად, ძალიან ბევრ, კარგ საქმეს გავაკეთებთ და კიდევ უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით, დაიბრუნონ თავიანთი დაკარგული წინაპრები, ან პატივი მიაგონ მათ უკანასკნელ განსასვენებელს,”- განაცხადა მეგი სტემპენმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტრორმა ვლადიმერ იმნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით ბევრი ოჯახის დახმარებას შეძლებენ.

„საქართველოში იშვიათია ოჯახი, რომლის წინაპარიც მეორე მსოფლიო ომში არ ყოფილა. ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჩემი ბაბუაც, რომლის სახელიც მქვია, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ტყვეთა ბანაკებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, შთამომავლებისთვის, არამედ, თავად გარდაცვლილთათვისაც, რადგან ათწლეულების შემდეგ, მშობლიურ მიწაზე ჰპოვებენ სამუდამო განსასვენებელს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვისაც, რადგან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის ვეტერანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, დასაფასებელია. იმედი მაქვს, ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებთ“, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

შეხვედრის დასრულებისას ვლადიმერ იმნაძემ მეგი სტემპმენს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა