მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვინდა, ნატო-ს წევრებმა დაინახონ, რომ საქართველო იმსახურებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს

ჩვენ გვინდა დასავლური ოჯახის წევრები გავხდეთ, ეს არის ჩვენი არჩევანი, ყოველთვის ვიყავით ამ ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მცდელობას დასავლელი პარტნიორები დაინახავენ.

„ჩვენ ნატო-სკენ მივდივართ და ამ გზაზე ბევრი გამოწვევა დგას, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებულებიც ვართ. ყველას ესმის, რომ ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ნატო აცხადებს, რომ ღია კარის პოლიტიკა აქვს, ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ არის, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის. ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამიტი ჩატარდა, სადაც გამოჩნდა, რომ ნატო-ს ღირებულებების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის იმ ერებს შორის, რომელიც ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს ამ ღირებულებების დაცვაზე. ეს ძალიან დიდი წილია იმის გათვალისწინებით, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ნატო-ს წევრებმა დაინახონ, რომ საქართველო იმსახურებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს.

ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა და დემოკრატიული ინსტიტუტები იმისათვის, რომ როდესაც მომწიფდება წევრობის გადაწყვეტილება, საქართველო იყოს მზად. მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სიღარიბეა. საქართველოს მოსახლეობის 20% სიღარიბეში ცხოვრობს. ამიტომაც ჩვენს პოლიტიკაში გარკვეული მიზნები გვაქვს მისაღწევი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, როგორ ცდილობს საქართველო. ჩვენი ქვეყანა რეგიონში ავანგარდშია და ეს ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვინდა დასავლური ოჯახის წევრები გავხდეთ, ეს არის ჩვენი არჩევანი, ყოველთვის ვიყავით ამ ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს