ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს დამცველები გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ განუცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება და არსებითი გარემოება, რომელიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.

დ.ღ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე შესავალ სიტყვაში იმ დარღვევებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც ამ საქმეში არსებობს.

„ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე მოვითხოვეთ ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, რომელიც კანონდარღვევით იყო მოპოვებული. ის მტკიცებულება რაც წარედგინა სასამართლოს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენს, თუნდაც ის გამამართლებელი იყოს. შესავალ სიტყვაში, დეტალურად აღვწერთ იმ დარღვევებს, რაც საქმეში არსებობს და მოვითხოვთ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდებულმა გამოძიების ყველა კითხვას სწორი და ობიექტური პასუხები გასცა. მას არ დაუმალავს საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არც ერთი დეტალი, აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია რაში ედება ამ ადამიანს ბრალი. ადამიანს გაცხადებული აქვს ყველა პოზიცია, მოახსენა სათანადო ორგანოებს და ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა მის წინააღმდეგ. ადამიანი როცა იძლევა ცრუ ჩვენებას, მან საქმის ვითარებები და გარემოებები უნდა შეცვალოს, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.

სახელმწიფო ბრალდება დ.ღ.-ს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა